სათადარიგო ფორვარდობიდან გმირობამდე - ბუდუ ზივზივაძის საოცარი პროგრესი
საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი რომ ბუდუ ზივზივაძეა, ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს. გარდა იმისა, EURO 2024-ის შესარჩევ ნახევარფინალში ლუქსემბურგთან დუბლი შეასრულა, ბერძნებთან ფინალშიც საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბუდუ აქამდე იოლი გზით მოვიდა, ძალიან ცდება, რადგან სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ იყო მომენტი, რომელსაც შეეძლო მის კარიერაზე მკვეთრად უარყოფითად ემოქმედა, თუმცა არ დანებდა და ყველას დაუმტკიცა, თუ როგორი მაღალი კლასის ფეხბურთელია.
საუბარი გვაქვს უნგრეთის „ფეჰერვარში“ თამაშისას მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც ის „უიპეშტთან“ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, ყოფილი კლუბის ფანებთან მისვლისა და პრინციპული მეტოქის ფეხბურთელთან მაისურის გაცვლის გამო, სკანდალი აუგორეს და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. ბევრი მის ადგილას დანებდებოდა, მაგრამ მან ბრძოლა განაგრძო, არ შეეგუა ბედს, არ დარჩა „ფეჰერვარის“ დუბლშემადგენლობაში და თავისი აგენტის, ლაშა ოდილაძის დახმარებით იმ მომენტისთვის „კარლსრუეს“ სახით საუკეთესო ვარიანტი იპოვა, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურდა.
იოლად ადგილი ბუდუს არც „კარლსრუეში“ დაუმკვიდრებია და პრობლემები იქაც ჰქონდა, თან ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ადაპტაცია არ გასჭირვებია და გოლი მეორე შეხვედრაშივე გაიტანა. გასულ სეზონში 30 წლის ფორვარდი არაჩვეულებრივ ფორმაში იყო და ნოემბრიდან თებერვლამდე 7 გოლიც გაიტანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, უცბად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მთავარმა მწვრთნელმა ის მაინც თადარიგში გადასვა. მიზეზი კი ასეთი იყო - კრისტიან აიხნერი უკმაყოფილო დარჩა დაცვის თამაშით, რის გამოც ორი ცენტრალური თავდამსხმელის ნაცვლად, ორი საყრდენით უნდა ეთამაშა. გადაწყობილ ტაქტიკაში კი მხოლოდ ერთი ფორვარდის ადგილი იყო და ბუდუს მის კონკურენტს მხოლოდ იმიტომ ამჯობინებდა, რომ ქართველზე მაღალი იყო. ყოველივე ამის ფონზე ზივზივაძეს სულზე მოუსწრო სანაკრებო თამაშებმა და ისტორიულ მატჩებში უმაღლეს დონეზე თამაშმა მას კლუბის მთავარი მწვრთნელის ნდობაც დაუბრუნა. საბოლოოდ კი ბუდუმ სეზონი მეორე ბუნდესლიგაში 12 გოლით დაასრულა და შედეგიანობის თვალსაზრისით ორი ქართველი ფეხბურთელის, ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის მიღწევები გააუმჯობესა, რომელთაც „ფრაიბურგში“ გამოსვლისას ერთ გათამაშებაში 10-10 ბურთი ჰქონდათ შეგდებული.
საკლუბო კარიერის მანძილზე ბუდუ ზივზივაძეს თბილისის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, დანიის „ესბიერგში“ და უნგრეთის კლუბებში, „მეზოკოვეშდში“, „უიპეშტსა“ და „ფეჰერვარში“ უთამაშია და საერთო ჯამში ჩატარებულ 349 შეხვედრაში მის ანგარიშზე 177 გოლია. საოცრად შედეგიანი პერიოდი ჰქონდა „უიპეშტში“, სადაც იჯარის წესით ითამაშა და 14 შეხვედრაში თავი 11 გოლით გამოიჩინა. 2016 წელს ის „სამტრედიას“ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი საჩემპიონო ტიტულის მოგებაში დაეხმარა, თავად კი საქართველოს ჩემპიონატის როგორც საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე ბომბარდირი გახდა.
სწორედ „სამტრედიაში“ წარმატებული გამოსვლით მიიქცია მან ეროვნული ნაკრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ყურადღება და მისი სანაკრებო დებიუტი 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთთან (2:2) ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. თუმცა, ამის მერე სლოვაკი იშვიათად ენდობოდა და თავის გამოჩენის შანსი უფრო მეტად ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ ეძლეოდა, რაზეც სტატისტიკაც კარგად მეტყველებს - ეროვნულ გუნდში გამართული 25 მატჩიდან 21 მან ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ითამაშა და 7 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბუდუს მთავარი სანაკრებო გამოცდა და თავგადასავალი კი ივნისში ელოდება, როდესაც საქართველოს ის და მისი თანაგუნდელები ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ.