ვალენსიამ მამარდას ფასი გაზარდა! - რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები შეჩერდა
გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, „ვალენსიას“ მფლობელმა, პიტერ ლიმმა გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაზარდა.
Marca წერს, რომ ლიმი ქართველი მეკარის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს მოითხოვს. სააგენტოს მტკიცებით, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამო „ვალენსიას“ აზიელ მფლობელს თავის დაზღვევა სურს და სხვა შეთავაზებებს მხოლოდ ევროპირველობის დასრულების შემდეგ განიხილავს.
ქართველი მეკარის დამატებით რამდენიმე ევროპული გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „ნიუკასლი“ გახლდათ, თუმცა, როგორც Marca აღნიშნავს, ფასის მომატების გამო ზოგიერთ კლუბთან მოლაპარაკებები შეჩერდა.
საგულისხმოა, რომ გასულ სეზონში „ვალენსია“ თანახმა იყო რომ მამარდაშვილი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდაც გაეშვა, თუმცა, დღეს ქართველი მეკარის ღირებულება ფაქტობრივად გაორმაგდა.
ცნობისთვის, ცნობილი ანალიტიკური პორტალის Opta-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების მხრივ ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა. ქართველმა გოლკიპერმა მთელი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 9.7 ბურთი მოიგერია, რაც ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.