ოლიმპიაკოსი, ხოსე ლუის მენდილიბარი, აიუბ ელ კააბი, ვისენტე იბორა
Aa
Aa

საინტერესო ფაქტები ოლიმპიაკოსის წარმატების შესახებ

უეფას კონფერენს ლიგის წლევანდელი გათამაშება ბერძნული ფეხბურთისთვის ისტორიული წარმატებით დასრულდა - „ოლიმპიაკოსი“ გახდა საბერძნეთის პირველი გუნდი, რომელმაც ევროპული საკლუბო ტურნირი მოიგო. აქამდე ამასთან ყველაზე ახლოს ათენის მეორე გრანდი „პანათინაიკოსი“ იყო, თუმცა 1971 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში ამსტერდამის „აიაქსთან“ დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

ათენში გამართული „ოლიმპიაკოსი“ – „ფიორენტინას“ ფინალის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ოვერტაიმში კი პირეოსელებმა აიუბ ელ კააბის მიერ 116-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს, რომელმაც წელს 9 მატჩში თავი 11 გოლით გამოიჩინა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 30 წლის მაროკოელმა ფორვარდმა თერთმეტივე ბურთი პლეი ოფის სტადიაზე გაიტანა და ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ელ კააბიმ რადამელ ფალკაოს (2011 წლის ევროპა ლიგა, 10 გოლი), კრიშტიანუ რონალდუს (2017 წლის ჩემპიონთა ლიგა, 10 გოლი), და კარიმ ბენზემას (2022 წლის ჩემპიონთა ლიგა, 10 გოლი) მიღწევები გააუმჯობესა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი, რომელსაც 2022 წლამდე სამწვრთნელო კარიერაში ერთი ჯილდოც კი არ ჰქონდა მოგებული, ბოლო ორ სეზონში კი ზედიზედ ორი ევროტურნირი მოიგო. 63 წლის ესპანელი შარშან  „სევილიასთან“ ერთად ევროპა ლიგის, წელს კი პირეოსელების დამრიგებლის პოზიციაზე კონფერენს ლიგის ჩემპიონი გახდა. გუშინდელი დღე გამორჩეული გახლდათ კიდევ ერთი ესპანელისთვის - 36 წლის ვისენტე იბორამ უეფას საკლუბო ტურნირი მეხუთედ მოიგო. ევროპა ლიგის გამარჯვებული ის 2014-2016 წლებში ზედიზედ სამჯერ „სევილიასთან“ ერთად გახდა, რასაც 2021 წელს „ვილიარეალში“ ასპარეზობისას კიდევ ერთი ტიტული დაამატა, კოლექცია კი „ოლიმპიაკოსთან“ ერთად ტრიუმფით შეავსო.

მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით პირეოსელებმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდეს, „ფიორენტინა“ კი, რომელიც ამ ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მენდილიბარი: ბედნიერი ვარ, რომ იმას მივაღწიეთ, რაც აქამდე არავის ჰქონდა გაკეთებული
მენდილიბარი: ბედნიერი ვარ, რომ იმას მივაღწიეთ, რაც აქამდე არავის ჰქონდა გაკეთებული