ახალი ნომერი და ხელფასის გაზრდა | იტალიური გამოცემები კვარაზე წერენ
იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ბოლო საათებია, „კვარას“ მომავალი იქაური გამოცემების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა და დღევანდელ ნომრებში, მასზე Corriere dello Sport-მა და Gazzetta dello Sport-მა დაწერეს.
„ინფორმაციის მიღების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენმა ნაპოლის ოფიციალური წინადადება გაუგზავნა. შეთავაზება, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა არც კი განიხილა. პარტენოპეის მფლობელს სურს, გუნდის მომავალი ქართველი ფეხბურთელის გარშემო ააშენოს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს.
ახალ ხელშეკრულებაზე გამართული მოლაპარაკებები ისეთ ნელ ტემპებში მიმდინარეობს, რომ პარი სენ-ჟერმენი გააქტიურდება და საქმებში ჩაერთვება. კვარაცხელიას ნაპოლისგან ხელფასის სახით, 5 მილიონ ევროს პლუს ბონუსების მიღება სურს, ნაპოლი კი 4.5 მილიონზე (ბონუსების ჩათვლით) მაღალი ხელფასის დანიშვნაზე უარზეა. მოკლედ, შეთანხმება ძალიან შორსაა“, - წერს Gazzetta dello Sport-ი.
„ხელფასის გაზრდის გარდა, კვარაცხელიას 7-ნომრიანი მაისურის მიღება უნდა, რომელიც მისი გუნდში მისვლისას ელიფ ელმასს ეკუთვნოდა და 77 ნომერი სწორედ ამიტომ აირჩია. ეს ყველაფერია ის, რასაც ქართველი ფეხბურთელი ითხოვს. აურელიო დე ლაურენტისი მის გაშვებას არ აპირებს და 2027 წელი ძალიან შორსაა, რათა არასასურველ თანხად შეელიოს. შეთავაზება, რომელიც 100 მილიონი ევროს ოდენობისაა, ცდუნებას აჩენს. ესაა თანხა, რომელიც ნებისმიერ კლუბს დააფიქრებდა, მაგრამ ნაპოლი პოზიციის შეცვლას არ გეგმავს“, - წერს Corriere dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა დაადასტურა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლის“ შეთავაზება გაუგზავნა და ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონს ჩამოვიდა.