„შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ უცბად გოლი გაგიტანოს“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალ’ოლიომ „მეცთან“ პლეი-ოფის თამაშამდე მეტოქის შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის კომენტარს „სენტ-ეტიენის“ გვერდი ავრცელებს, რომელშიც დალ’ოლიო გიორგი მიქაუტაძის შესახებაც საუბრობს.
რას ამბობს „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელი:
„რა თქმა უნდა, ჩემპიონატის შედეგით ოდნავ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დიდი გზა გავიარეთ და პირველ ადგილზე გასვლაც შეგვეძლო. მაგრამ კარგად იცით ჩვენი სეზონის ამბავი... გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ ეს მძიმე პერიოდი ფსიქოლოგიურად გადაგველახა. შემდეგ ლიდერთა სამეულში შევედით და რაღაც პოზიტიურიც შემოვიტანეთ. ბიჭებმა ყველაფერზე სწორი რეაქცია მოახდინეს“.
„როგორ შევაფასებ „მეცს“? სოლიდური გუნდია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და ათლეტური ბიჭებით, რომლებიც ზონებში საკმაოდ სწრაფად მოძრაობენ და ჰყავთ ბიჭი, რომელიც დანარჩენ გუნდზე მაღლა დგას - გიორგი მიქაუტაძე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერი დაცვის დესტაბილიზაცია. ეს პსჟ-სთან ბოლო მატჩშიც ვნახეთ. თუნდაც ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგაც, ის საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეა. მაგრამ ვაპირებ, რომ ყურადღება ჩემს მცველებზე და ნახევარმცველებზე გავამახვილო. რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებული ყურადღება ყველა ეპიზოდში უნდა მივაქციოთ. ეს ბიჭი შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს, მაგრამ უცბად ისეთი რამ გააკეთოს, რაც მატჩის ბედს შეცვლის“.
„მატჩისადმი მიდგომა დიდად არ იცვლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ძალების აღდგენა, რადგან მეორე მატჩი პირველთან საკმაოდ ახლოსაა. მოგვიწევს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ძალების აღდგენა. „მეცი“ ლიგა 1-ში იყო, ჩვენ კი ლიგა 2-ში, ამიტომ ვიცით, რომ ფავორიტები ისინი არიან. მაგრამ ასევე ვიცით, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენი ძლიერი მხარეებით უნდა ვითამაშოთ, რაც დიდ ენთუზიაზმში და გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერაში გამოიხატება“. ასევე, დაცვაში ძალიან მყარად უნდა ვითამაშოთ და შეტევაში უფრო ზუსტები უნდა ვიყოთ. განვლილ სეზონში ლიგა 2-ში ყველაზე მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ რეალიზების პრობლემები გვქონდა. ამ ორ მატჩში გაცილებით ზუსტები უნდა ვიყოთ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრა „სენტ-ეტიენსა“ და „მეცს“ შორის 30 მაისს, 22:30 საათზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი მეცში 2 ივნისს ჩატარდება.