გიორგი მიქაუტაძის გამო, სენტ-ეტიენი უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს
ფრანგული სააგენტო Envertetcontretous.fr-ის ინფორმაციით, „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ის პლეი-ოფის მატჩისთვის უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს. ამის მიზეზი საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე გახდა.
გასულ სეზონში, როდესაც „მეცი“ ლიგა 2-ში ასპარეზობდა, „სენტ-ეტიენთან“ შეხვედრის დროს 26-ე წუთზე ქართველმა შემტევმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა, რამაც ფეხბურთელებსა და შემდეგ უკვე გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლა გამოიწვია. შედეგად, მატჩი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო. „სენტ-ეტიენის“ ფანებისა და ქომაგების გაღიზიანება გიორგი მიქაუტაძის ჟესტმა გამოიწვია, რომელიც ფეხბურთელმა გოლის შემდეგ გააკეთა. როგორც იწერება, მიქაუტაძის ჟესტი „სენტ-ეტიენის“ ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა.
გამოცემა წერს, რომ „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელები სტადიონზე სტიუარდების რაოდენობას გაზრდის, რომლებიც როგორც მინდვრის გაზონზე, ისე ტრიბუნებზე გადანაწილდებიან. ამით, გიორგი მიქაუტაძის გოლის შემთხვევაში, მასპინძელი გუნდი დამატებითი გართულებებისგან თავს დაიზღვევს.
საგულისხმოა, რომ გასულ სეზონში, გიორგი მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენთან“ გოლის შემდეგ განაცხადა, რომ თავის საქციელს არ ნანობს და ეს „ლიონის“ პატივისცემის გამო გააკეთა. როგორც ცნობილია, „ლიონი“ და „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებად მიიჩნევა და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არც ქალაქებს და არც გულშემატკივრებს აქვთ.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, „მეცმა“ „სენტ-ეტიენს“ სტუმრად 1:3 მოუგო, გიორგი მიქაუტაძემ კი ამ მატჩში დუბლი შეასრულა. მეცში გამართული მატჩი კი კვლავ ლასლო ბოლონის გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
სენტ-ეტიენი 1:3 მეცი (მიქაუტაძის დუბლი)
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრა „სენტ-ეტიენსა“ და „მეცს“ შორის 30 მაისს, 22:30 საათზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი მეცში 2 ივნისს ჩატარდება.