სეზონის სიმბოლური ნაკრები | კანისარესის აზრით მამარდა ლა ლიგაში საუკეთესო იყო
„ვალენსიას“ ლეგენდარული მეკარე, სანტიაგო კანისარესი COPE-ს რადიო გადაცემის, Tiempo de Juego-ის სტუმარი იყო და ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონი შეაფასა. კანისარესმა სეზონის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა და ტოპ 11-ში, მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილი დააყენა.
გოლკიპერებზე საუბრისას, კანისარესმა „მამარდა“ და უნაი სიმონი გამოარჩია. „ბილბაოს“ წარმომადგენელი ზამორას ჯილდოს გამარჯვებული გახდა და როგორც „ღამურების“ ლეგენდამ განაცხადა, მას კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა, მაგრამ არჩევანი მაინც ქართველ ფეხბურთელზე შეაჩერა.
„გიორგი მამარდაშვილი არის მეკარე, რომელმაც 2023/24 წლების სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა“, - განაცხადა კანისარესმა და ასე ახსნა, სეზონის სიმბოლურ ნაკრებში „მამარდა“ რატომ შეიყვანა. გიორგის გარდა, მისი რჩეულები დანი კარვახალი, ანტონიო რუდიგერი, მიგელ გუტიერესი, კრისტიან მოსკერა, ისკო, ჯუდ ბელინგემი, ტონი კროოსი, ვინისიუს ჟუნიორი, ალექსანდრ სორლოტი და არტიომ დოვბიკი გახდნენ.
ცნობისთვის, მამარდაშვილმა ლა ლიგის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 41 გოლი გაუშვა. ქართველმა მეკარემ კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა და სეზონი 106 სეივით დაასრულა.