ფაბრიციო რომანო: “კონტეს კონტრაქტი 3-წლიანი იქნება“
როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად განიხილება ანტონიო კონტეს ნაპოლიში დანიშვნა. ამ საკითხზე დღევანდელ დღემდე ის ვიცოდით, რომ ჯოვანი მანამ მისი დაყოლიება მოახერხა.
დღეს კი გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ „პარტენოპეის“ იურისტებმა კონტეს კონტრაქტის დეტალების განხილვა დაიწყეს. დადასტურებულია, რომ ხელშეკრულება 3-წლიანი იქნება და 2027 წლის ივნისში ამოიწურება. იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო შტაბის წევრები შეარჩია, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. რომანო იმასაც წერს, რომ ამ კვირაში ოფიციალური წარდგენა არ იქნება და ბევრი რამ შემდეგ კვირაში გადაწყდება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ანტონიოს წლიური ანაზღაურება 9 მილიონი ევრო იქნება, რაც გუნდის ყველა ფეხბურთელის ხელფასს აღემატება, გარდა ვიქტორ ოსიმენისა, თუმცა ნიგერიელ თავდამსხმელს ნაპოლიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი დიდი ხანია კონტეს დანიშვნას ცდილობს, თუმცა მან რამდენჯერმე განაცხადა უარი. ანტონიოს თანხმობაში ყველაზე დიდი წვლილი ჯოვანი მანამ შეიტანა.
ასევე შეგახსენებთ, 54 წლის სპეციალისტს სერია ა-ში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის ატალანტას, იუვენტუსს და ინტერს წვრთნიდა.