ნიუკასლის პოზიციები შესუსტდა, თუმცა მამარდას შეძენას მაინც შეეცდებიან
„ნიუკასლ იუნაიტედი“ გიორგი მამარდაშვილის გასაფორმებლად ბრძოლას განაგრძობს. „კაჭკაჭებს“ ინგლისში „დიდი ექვსეულისთვის“ ბრძოლა სურთ და სატრანსფერო ბაზარზე სოლიდური თანხების დასახარჯად მზად არიან.
Elgoldigital-ის ცნობით, „ნიუკასლი“ ვარსკვლავური შემადგენლობის შექმნას იწყებს და მეკარის პოზიციაზე მათი მთავარი სამიზნე გიორგი მამარდაშვილია.
როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, „ვალენსიას“ ახალი სეზონისთვის დიდი გეგმები აქვს და გუნდის მთავარ მწვრთნელს რუბენ ბარახას ლიდერების შენარჩუნება სურს, რომელთაგან პირველ რიგში მამარდაშვილი იგულისხმება. საპირისპიროდ კი „ნიუკასლმა“ თავისი ერთ-ერთი ბერკეტი (ევროტურნირებზე თამაში) დაკარგა და ამჟამად ნაკლებად მიმზიდველები არიან.
წყაროს თანახმად, „ნიუკასლი“ მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად მყარი პოზიციებით აღარ იმყოფება, ქართველი მეკარის გადაბირებას მაინც შეეცდება.
რაც შეეხება „ვალენსიას“, „ღამურები“ მამარდას მხოლოდ სოლიდური შეთავაზების შემთხვევაში შეელევიან. აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესპანური კლუბი 25 მილიონიან წინადადებებს მარტივად დაბლოკავს. ქართველი მეკარის მსურველ კლუბებს მინიმუმ 30+ მილიონის გადახდა მოუწევთ.