რეალი, ლევერკუზენი, იუვენტუსი, მილანი, ინტერი, ფიორენტინა, რეინჯერსი, ბენფიკა, ნოტინგემ ფორესტი, აიაქსი
Aa Aa

ლევერკუზენის ისტორიული სეზონი - დაუმარცხებელ გუნდთა ევროპული ათეული

წლევანდელი ევროპული საფეხბურთო სეზონის მთავარი აღმოჩენა და სასიამოვნო სიურპრიზი უდავოდ „ლევერკუზენია“. ჩაბი ალონსოს მომზადებული გუნდი ყველა ტურნირზე 51 მატჩი არ აგებდა, რითაც ყველა დროის რეკორდი დაამყარა. მათი დაუჯერებელი სვლა კი ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტამ“ შეაჩერა. სამაგიეროდ, „ბაიერმა“ გერმანიის ბუნდესლიგა და ქვეყნის თასის გათამაშება დაუმარცხებლად მოიგო და სეზონი ოქროს დუბლით დაასრულა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გადარჩენილი მატჩები, ბრწყინვალე მოგებები და გამარჯვებულის მენტალიტეტი - ეს ყველაფერი ალონსოს გუნდს ყველაზე კარგად ახასიათებს და მათი წარმატების სავიზიტო ბარათად იქცა. მხოლოდ 2024 წელს ყველა ტურნირზე გატანილი 53 გოლიდან, „ფარმაცევეტების“ ფეხბურთელების მიერ ოცდასამი მე-80-ედან 90-ე წუთამდე ინტერვალში, 12 ბურთი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებშია შეგდებული.

„ლევერკუზენი“ ერთადერთი არ არის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წაუგებელი სვლით მიდიოდა. 1960-იანი წლების დასაწყისიდან არაერთმა კლუბმა შეძლო ყოველგვარ ლოგიკაზე წინ დადგომა და მთელი სეზონის დაუმარცხებლად ჩატარება, ეს კი იოლი საქმე ნამდვილად არ არის, რადგან კონკურენტები მუდამ გაორმაგებული მოტივაციით გეთამაშებიან და მთელი სეზონისა და უფრო მეტის ერთ დონეზე ჩატარება უზარმაზარ გამძლეობასა და მონდომებას მოითხოვს.

თქვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის ათი გამორჩეული ქვეყნის ჩემპიონატიდან ფეხბურთის ისტორიაში ათ გამორჩეულ დაუმარცხებელ კლუბზე, თუმცა აქ იგულისხმება არამხოლოდ შიდა ჩემპიონატებში, არამედ ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩები. სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა საუკეთესოთა შორის ლონდონის „არსენალი“, რომელმაც 2003-2004 წლებში ინგლისის პრემიერ ლიგა წაუგებლად მოიგო.

 

10.რეალი - წაუგებელი მატჩი - 40

2016-2017 წლების სეზონის „რეალი“ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ლა ლიგა საკმაოდ ძლიერ „ბარსელონას“ 3-ქულიანი ჰანდიკაპით მოუგეს, გაიმარჯვეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსა და ევროპის სუპერთასზე და რაც ყველაზე მთავარია, „ბლანკოსი“ გახდა პირველი კლუბი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ, მოგვიანებით კი საერთოდ მიჯრით მესამედაც მოიგო. იმ სეზონში სამეფო კლუბის რიგებში შეუჩერებელი იყო კრიშტიანუ რონალდუსა და გარეტ ბეილის დუეტი. უკანასკნელი, მე-40 წაუგებელი მატჩი კი ამ ფორმაციის „ბლანკოსმა“ 2017 წლის 12 იანვარს „სევილიასთან“ ჩაატარა, როდესაც კარიმ ბენზემამ ბოლო წუთზე გატანილი ბურთით თანაგუნდელებს ქულა გადაურჩინა, მატჩი 3:3 დასრულდა.

 

9.ინტერი - წაუგებელი მატჩები - 40

2004 წლის მაისიდან 2005 წლის თებერვლამდე „ინტერი“ არ აგებდა, რაც მაშინ გულშემატკივრების გაოცებას იწვევდა, თუმცა უფრო გასაოცარი გახლდათ ის ფაქტი, რომ ამხელა სერიის მიუხედავად, იმ წელს ნერიაძურიმ სკუდეტო ვერ მოიგო. რატომ ვერ მოიგო? იმიტომ, რომ 38 ტურიდან 18-ში ფრე ითამაშა და მართალია მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, მაგრამ ეს ჩემპიონობისთვის ბუნებრივია საკმარისი არ აღმოჩნდა -  პირველ ადგილზე გასულ „იუვენტუსს“ შავ-ლურჯები - 14, მეორეზე მყოფ თანაქალაქელ „მილანს“ კი 7 ქულით ჩამორჩნენ. რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით მაშინ „ინტერმა“ „რომას“ დამარცხებით კოპა იტალია მაინც დაისაკუთრა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემპიონატში მოსაგები თამაშების მოგება ვერ ისწავლა, სეზონი მისთვის მაინც უფერულად დასრულდა.

8.ნოტინგემი - წაუგებელი მატჩები - 40

ის „ნოტინგემი“, რომელმაც ჩემპიონთა თასის ზედიზედ ორჯერ მოგებით მთელი მსოფლიო აალაპარაკა, ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიითაც გამოირჩეოდა. მათ მოიფიქრეს იდეა სახელწოდებით, „არასოდეს გაიფიქრო რომ მოკვდები“, რაც თითოეული იმ მოთამაშის თავში იბეჭდებოდა, რომელიც „ფორესტთან“ კონტრაქტს ხელს აწერდა. ყველაზე კარგად ეს დევიზი „ნოტინგემმა“ 1978 წელს შეასრულა, როდესაც ზედიზედ 40-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. იმ წელს გამოჩნდა ამ კლუბში ჰარი ბერტლზი და პირველივე სეზონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კლუბმა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, ლიგის თასის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ჩემპიონთა თასზე გაიმარჯვა.

7.ფიორენტინა - წაუგებელი მატჩები - 40

1955 წლის 17 აპრილს „ფიორენტინას“ „ატალანტამ“ საკუთარ სტადიონზე 5:1 მოუგო, რითაც ბერგამოელებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. ამ წაგების შემდეგ კი ფლორენციელებმა 40-მატჩიანი დაუმარცხებელი სვლა მოაწყვეს და წელიწადზე მეტხანს, 1956 წლის 3 ივნისამდე არ აგებდნენ, რაც ჯამში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით დააგვირგვინეს.

6.აიაქსი - წაუგებელი მატჩები - 42

„აიაქსი“ მუდამ იყო ნიდერლანდების უძლიერესი გუნდი, რომელიც ფლობდა იმ ქარიზმას, რაც სხვა კლუბებისგან გამოარჩევდა. ამას ბუნებრივია თან ახლდა გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა, თუმცა ამ ყველაფერს დედაქალაქელები მშვენივრად უმკლავდებოდნენ და ასე მოხდა 1996 წელსაც, როდესაც ზედიზედ 42 შეხვედრა მოედანს დაუმარცხებლად ტოვებდნენ. ამსტერდამელების ჩინებული სვლა „ტილბურგთან“ (0:1) მარცხმა შეაჩერა, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია ერედივიზიონი 6-ქულიანი ჰანდიკაპით მოეგოთ. წინა სეზონში კი, როდესაც მათი წაუგებელი კამპანია დაიწყო, „აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა და ფინალში საკმაოდ ძლიერ „მილანს“ აჯობა.

5.მილანი - წაუგებელი მატჩები - 42

90-იან წლებში დაუმარცხებელი გუნდის სტატუსით არამხოლოდ „აიაქსი“, არამედ „მილანიც“ გამოირჩეოდა, რომლის დამარცხებასაც ყველა ტურნირის ჩათვლით მეტოქე გუნდები 42 მატჩი ვერ ახერხებდნენ. მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში კი 1991-1993 წლებში ზედიზედ 58 შეხვედრა არ მარცხდებოდა. როსონერის გამორჩეული ფიგურა ლეგენდარული ნიდერლანდელი ფორვარდი მარკო ვან ბასტენი იყო, რომელიც მოედანს უგოლოდ პრაქტიკულად არ ტოვებდა.

 

4.იუვენტუსი-წაუგებელი მატჩები-43

2012 წელს ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატი 9-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. მართალია, ბევრს ახსენდება 2005 და 2006 წლებში მოგებული სკუდეტოები, თუმცა ისინი „ბებერ სინიორას“ კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ ჩამოართვეს. ბიანკონერიმ იტალიის პირველობაზე წაუგებლად გაიმარჯვა. ტურინელებს ოქროს დუბლის შესრულებაც შეეძლოთ, მაგრამ ქვეყნის თასის ფინალი „ნაპოლისთან“ (0:2) დათმეს და ეს იყო ერთადერთი მარცხი, რომელიც იმ სეზონში კონტეს ფორმაციის „იუვემ“ განიცადა.

 

3.რეინჯერსი - წაუგებელი მატჩები - 44

2016-2017 წლებში „სელტიკის“ მიერ შოტლანდიის ჩემპიონატში დაუმარცხებლად გამარჯვება ბევრმა სათანადოდ ვერ აღიქვა, რადგან „კათოლიკეებზე“ უფრო დიდი შედეგი მათ პრინციპულ მეტოქე „რეინჯერსს“ 1992-1993 წლებში ჰქონდა ნაჩვენები, როდესაც ზედიზედ 44 მატჩი არ წაეგოთ და აქედან 10 ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც მუდამ შოტლანდიური ფეხბურთის საზომად ითვლებოდა.

 2.ბენფიკა - წაუგებელი მატჩები - 48

 „ბენფიკას“ ევროპული რეკორდი ამ სეზონამდე ხელშეუხებელი იყო, თუმცა ჩაბი ალონსოს ლევერკუზენმა პორტუგალიელების ჰეგემონია დაასრულა. ლისაბონელებს 1963-1965 წლებში ეუსებიოს ლიდერობით გამორჩეული გუნდი ჰყავდათ და მოედანს წაგებულები არ ტოვებდნენ. 1963-1964 წლების სეზონში „არწივები“ მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ისიც სეზონის დასაწყისში, მომდევნო წელს კი მათი ძლევა მხოლოდ ორმა მეტოქემ მოახერხა.

 

1.ლევერკუზენი - წაუგებელი მატჩები - 51

როდესაც წელიწადნახევრის წინ, გერმანიის ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში მყოფი „ლევერკუზენი“ ჩაბი ალონსომ ჩაიბარა, ამ გუნდისგან არამხოლოდ ამხელა წაუგებელი სერიის გამოცხობას, არამედ ბუნდესლიგაში საპრიზო ადგილის დაკავებასაც არავინ ელოდა. თუმცა, ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა შექმნა ძლიერი ხასიათის და გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდი, რომელიც არასოდეს ნებდება.

დაუმარცხებლად განვლილ 51 მატჩში „ბაიერის“ რიგებში ყველაზე მეტი 14 გოლი ვიქტორ ბონიფაციმ გაიტანა, თუმცა ფლორიან ვირცი, გრანიტ ჯაკა, ჯერემი ფრიმპონგი და ალექს გრიმალდოც საკმაოდ შედეგიანები არიან.

გაზიარება: