კვარაცხელია ხელშეუხებელია | კონტეს ამბიციური ნაპოლი სურს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. წამყვანი იტალიური გამოცემები დარწმუნებული არიან, რომ „პარტენოპეის“ ანტონიო კონტე ჩაიბარებს და მისი დანიშვნა ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ნათქვამია, რომ 54 წლის სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისსა და სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას სატრანსფერო გეგმებზე უკვე გაესაუბრა. კონტემ ამბიციური გუნდის შექმნა მოითხოვა და ხელშეუხებელი ფეხბურთელები დაასახელა.
„კონტეს სურს, ნაპოლი ამბიციური კლუბი იყოს. მან პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს აუხსნა რა ტრანსფერებია საჭირო, რათა გუნდში სიღრმე გაჩნდეს და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც აუცილებელი არიან, რომ მე-10 ადგილიდან პარტენოპეი ბრწყინვალებას დაუბრუნდეს. მათგან ყველაზე მაღლა ხვიჩა კვარაცხელია დგას, ვინც კონტესთვის ხელშეუხებელია. მის გარდა, ოსიმენიც შეიძლება დარჩეს“, - წერს იტალიური გამოცემა.
Corriere dello Sport-ის მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Sky Sport Italia, რომელიც აცხადებს, რომ კონტეს დანიშვნა გადაწყვეტილია და ანტონიომ „ნაპოლის“ სამი მოთხოვნა წაუყენა. პირველი - ოსიმენის წასვლის შემთხვევაში, მისი შემცვლელის პოვნა. 2) კვარაცხელიას შენარჩუნება, ვისი გადაბირებაც „პარი სენ-ჟერმენს“ სურს. 3) ჯოვანი დი ლორენცოს დატოვება, ვინც წასვლის სურვილი გამოხატა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ კვარაცხელიას სანაცვლოდ 140 მილიონ ევროს ითხოვს, პსჟ კი მას 60 მილიონად აფასებს.