ბოსტონი სუპერფინალშია | ინდიანამ სერიაში ერთი თამაშიც ვერ მოიგო
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენცია „ბოსტონ სელტიქსმა“ მოიგო და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. კონფერენციის ფინალში მათი მეტოქე „ინდიანა პეისერსი“ გახლდათ, რომელმაც „ბოსტონს“ 4-დან 3 შეხვედრაში უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და სერია 0:4 წააგო.
გამთენიისას გამართულ მატჩში, „ინდიანა“ მასპინძლის როლში იყო და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 3-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და დერიკ უაითის სამქულიანმა „ბოსტონს“ სუპერფინალის საგზური მოუპოვა - 105:102. საინტერესოა, რომ მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე, „ინდიანა“ 4-დან 3 მატჩში იგებდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერც ერთხელ მიიყვანა.
„ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო - 29 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი. ჯეისონ ტეიტუმმა 26 ქულა, 13 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯრუ ჰოლიდეიმ 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, დერიკ უაითმა კი მატჩი 16 ქულით, 4 მოხსნით, 4 ასისტითა და 3 დაფარებით დაასრულა.
„ინდიანას“ მხრიდან 24 ქულით, 10 ასისტითა და 6 მოხსნით ენდრიუ ნიმბჰარდი გამოირჩა. პასკალ სიაკამს 19 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. ტი ჯეი მაკკონელმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. გეტყვით იმასაც, რომ „სელტიქსის“ სავარაუდო მეტოქეები „დალას მავერიქსი“ და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ არიან. „დალასი“ სერიაში 3:0-ს იგებს და სუპერფინალში გასვლის განაღდება საკუთარ კედლებში შეეძლება.