მუნდიალზე მოხვედრაც შეგვიძლია - ქოჩორაშვილის ვრცელი ინტერვიუ
„საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „ლევანტეს“ დიდ სანაკრებო ტურნირზე წარმომადგენელი ეყოლება, ეს კი გიორგი ქოჩორაშვილის დამსახურებაა, რომელიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტის, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა“ - ასეთი შესავალი გაუკეთა ცნობილმა ესპანურმა გამოცემა LA PROVINCIAS-მა 24 წლის ფეხბურთელთან ინტერვიუს, რომელიც მის ავსტრიაში გამგზავრებამდეა ჩაწერილი, სადაც ქოჩორაშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდს კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.
„8-9 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობდი, ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული და საოცარი რეალობის წინაშე ვდგავარ - ეროვნულ გუნდში არათუ მოვხვდი, არამედ რამდენიმე კვირაში მას თანაგუნდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წარვადგენ. არასოდეს იცი მსგავსი შესაძლებლობა კიდევ როდის მოგეცემა, ამიტომაც შევეცდები გერმანიაში თამაშისგან სიამოვნება მივიღო და ნაკრებს რაც შეიძლება დიდი სარგებელი მოვუტანო. ასევე ვითამაშო ისე, რომ იამაყოს ჩემმა ახლანდელმა და ყოფილმა გუნდებმა, „ლევანტემ“ და „კასტელონმა“, რომელთა დიდი დამსახურებაცაა ჩემი საქართველოს ნაკრებში მიწვევა“.
„მეშინოდა თუ არა საბერძნეთთან ფინალის შემდგომ 11-მეტრიანების სერიაში პენალტის შესრულების დროს? ნერვიულობით ყველა ადამიანი ნერვიულობს, მაგრამ თუ მალევე გააცნობიერებ იმ ფაქტს, რამდენი ხანი ელოდებოდი ასეთ მომენტს, აუცილებლად მოგეშვება. ქართველი გულშემატკივარი მომთხოვნია და ახლა უკვე ჩვენგან ჯგუფიდან გასვლას ელიან. საამისოდ, კარგად უნდა მოვემზადოთ და თურქეთთან მატჩს დიდი ყურადღება მივაქციოთ, რადგან კარგი დასაწყისი როგორც იტყვიან, საქმის ნახევარია. სხვათა შორის, ზუსტად ორი წლის წინ, ჩვენი კლუბის „ლევანტეს“ ფსიქოლოგს ხუან მიგელ ბერნატს ვესაუბრებოდი და მას ვუთხარი, რომ სულ მალე საქართველოს ნაკრები დიდ სანაკრებო ტურნირზე მოხვდებოდა. ჩემი სიტყვები გამართლდა და ახლა ვთვლი, რომ ნაკლებად რეალური არც მსოფლიოს პირველობის საგზურის მოპოვებაა. რამდენიმე კვირის წინ ბერნატს ამასაც დავპირდი და იმედია შევუსრულებ“.
„რის ხარჯზე მივაღწიეთ ასეთ წარმატებას? საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელების დეფიციტი არასოდეს იყო, უბრალოდ ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთი მთელ ევროპას გააცნეს და შესაბამისად, ჩემ სამშობლოში სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდა. როგორი პიროვნება და ფეხბურთელია ხვიჩა? საოცარი. ის შარშან სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ნაკრებში კი ჩვენი მთავარი ვარსკვლავია. ბუნებრივია, წარმატებას გუნდური თამაშის ხარჯზე ვაღწევთ, მაგრამ კვარას გარეშე ამის გაკეთება გაგვიჭირდებოდა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ჩემთვის ის მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გახდე შენ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაუღალავი შრომის ფასად. ბოლო წლების განმავლობაში მამარდაშვილს საოცარი პროგრესი აქვს, რაშიც ევროპის პირველობაზე კიდევ ერთხელ ყველა კარგად დარწმუნდება“.
„მერწმუნეთ კვარაცხელიას და მამარდაშვილის გარდა, საქართველოს ნაკრებში კიდევ ბევრი უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მათთვის ყურადღების მიქცევა ღირს. გიორგი მიქაუტაძეს „მეცში“ გოლი გოლზე გააქვს, მოედნის ჩინებული ხედვით გამოირჩევა ინგლისის „უოტფორდში“ მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე. ოთარ კიტეიშვილი კი დღესდღეობით ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. გარდა ფეხბურთელებისა, საქართველო სპორტის სხვა სახეობებშიც გამორჩეულია ნიჭიერი სპორტსმენებით. რაღა შორს წავიდეთ, გადასარევად იცნობთ ილია თოფურიას, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ნაკრების თითოეულ წევრს პირადად მოგვილოცა“.
„თუ ოდესმე ჩემ ქვეყანაში ჩამოხვალთ, იქ თქვენ დასვენებას შეძლებთ როგორც ზღვაზე, ასევე მთაში. ასევე აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ქართული ღვინო, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია“.
იქიდან გამომდინარე, რომ „ლევანტეს“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურის წინ არანაირი სატურნირო მოტივაცია აღარ აქვს, კლუბის ხელმძღვანელებმა გიორგი ქოჩორაშვილი ნაადრევად გაანთავისუფლეს და ის ხვალ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც 9 ივნისს მონტენეგროსთან პოდგორიცაში გასამართ საკონტროლო შეხვედრამდე, ავსტრიის ქალაქ გეინბერგში რამდენიმედღიან შეკრებას გაივლის.