3-წლიანი კონტრაქტი მზად არის - ცხადაძე გაბალაში რჩება
„გაბალამ“, რომელსაც ბოლო სამი თვის განმავლობაში კახა ცხადაძე ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატი 26 ქულით ბოლო ადგილზე დაამთავრა და ქვედა ლიგაში დაქვეითდა. ოცდათექვსმეტ ტურში კლუბმა მხოლოდ შვიდი მატჩი მოიგო, ხუთი ფრედ დაასრულა და ოცდაოთხჯერ დამარცხდა. ჯამში კი 26 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა პოზიციაზე გასულ „ქიაფაზს“ 9 ქულით ჩამორჩა.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ცხადაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს მიუძღვოდა, რადგან როდესაც ის „გაბალას“ თავკაცად დაინიშნა, გუნდი უკვე ბოლო ადგილზე იყო და მეცხრე პოზიციას, რომელიც პლეი აუტში თამაშის საშუალებას იძლეოდა, 9 ქულით ჩამორჩებოდა. ყოველივე ეს კარგად გააცნობიერეს კლუბის ხელმძღვანელებმა და ქართველ მწვრთნელს უდიდესი ნდობა გამოუცხადეს - მასთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ბუნებრივია მთავარ მიზნად „გაბალას“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება დაუსახეს.
ცხადაძესთან ერთად ადგილზე რჩება მისი ასისტენტი გიორგი ჩიხრაძე და ზაფხულში მათ ტრანსფერების განხორციელებისა და ყველა რგოლში გუნდის სათანადოდ დაკომპლექტების საშუალება მიეცემათ. 55 წლის ქართველ მწვრთნელს აზერბაიჯანში მუშაობის კოლოსალური გამოცდილება აქვს და სხვადასხვა წლებში ის ამ ქვეყნის რამდენიმე კლუბში მუშაობდა. ყველაზე დიდ წარმატებას კი ბაქოს „ინტერში“ (ამჟამინდელ შამახში) მუშაობისას მიაღწია, როდესაც გუნდს 2015 წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.