არველაძის წასვლა ძვირად დაუჯდათ - კარაგიუმრუქი ქვედა ლიგაში დაქვეითდა
თურქეთის სუპერლიგის წლევანდელი გათამაშება ორიოდე დღის წინ დასრულდა და „ფათიჰ კარაგიუმრუქი“, რომლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შოთა არველაძემ 2024 წლის 9 მარტს დატოვა, ქვედა ლიგაში დაქვეითდა. შოთამ წასვლის შესახებ განცხადება მის ყოფილ კლუბთან, „ტრაბზონსპორთან“ 1:5 დამარცხების შემდეგ გააკეთა, თუმცა აშკარა იყო, რომ ეს კლუბის შეფებსაც სურდათ.
ქართველი მწვრთნელი ამ თანამდებობაზე ტოლუნაი კაფკაშმა შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით გამართული 13 მატჩიდან კლუბმა ჯამში მხოლოდ 4 მოიგო, 40 ქულით ჩემპიონატში მე-18 ადგილი დაიკავა და ელიტიდან დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ 40 ქულიდან 29 კლუბს არველაძის წასვლამდეც ჰქონდა, ქართველის შემცვლელმა კი, მხოლოდ 11 ქულა ააღებინა. ამ სეზონში კაფკაშის მუშაობა საერთოდ ცალკე საუბრის თემაა. მან სეზონი „ანკარაგიუჯიუს“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაიწყო, „ქარაგიუმრუქის“ თავკაცად დაასრულა და ორივე ეს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.
შოთა არველაძეს მარტის შემდეგ ჯერჯერობით პაუზა აქვს აღებული. შეგახსენებთ, რომ 26 გოლით ის ჯერ კიდევ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. სამწვრთნელო კარიერაში კი მისმა მომზადებულმა გუნდებმა ჯამში ყველა ტურნირზე გამართული 393 მატჩიდან 193 მოიგეს, 81 ფრედ დაასრულეს და 119 წააგეს.