მელქაძის მაგარი გოლი | კოლხეთი 1913-მა მოგების შანსი ბოლო წუთზე გაუშვა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სტარტი აიღო მე-17 ტურმა. საწყისი მატჩი ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, სადაც „კოლხეთი 1913“-მა თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
შეხვედრა სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა და ლიდერის სტატუსი ორჯერ შეიცვალა. ანგარიში თბილისელმა ფეხბურთელებმა შეხვედრის დებიუტში, მე-3 წუთზე გახსნეს. „კოლხეთი 1913“-ის კარში გოლი ოსკარ სანტისმა გაიტანა. მე-20 წუთზე გიორგი ხარებავას გოლით ფოთელებმა ანგარიში გაათანაბრეს და პირველი ნახევარი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე გიორგი მელქაძემ ეფექტური შორეული საჯარიმოთი „კოლხეთი 1913“ წინ გაიყვანა. მასპინძლები შეხვედრის ბოლომდე იგებდნენ, თუმცა, გამარჯვების შანსი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გაუშვეს. მატჩის მიწურულს, გიორგი მოისწრაფიშვილმა წონასწორობა აღადგინა და თბილისურ კლუბს ქულა გადაურჩინა.
17 ტურის შემდეგ, ორივე გუნდს თანაბარი, 19-19 ქულა აქვთ, თუმცა, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-5 პოზიციაზე „კოლხეთი 1913“ არის, თბილისის „დინამო“ კი მე-6 პოზიციას იკავებს.
მომდევნო ტურში, ფოთელები 2 ივნისს, სტუმრად გორის „დილას“ დაუპირისპირდებიან, თბილისელები კი „დინამო არენაზე“ „გაგრას“ მიიღებენ.