ქუთაისი საქართველოს ჩემპიონია - საკალათბურთო სუპერლიგა დასრულდა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული „ქუთაისი 2010“ გახდა. ფინალურ სერიაში მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის ხელმძღვანელობით ქუთაისელებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი საერთო ანგარიშით 3:1 დაამარცხეს და ეროვნული პირველობის ოქროს მედლები არსებობის ისტორიაში მესამედ მოიპოვეს.
„თბილისი არენას“ დარბაზში გამართული სერიის მეოთხე შეხვედრაში „ქუთაისმა“ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 8-ქულიანი სხვაობით, 90:82 დაამარცხა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ტუღუშის გუნდის უპირატესობა კოლოსალური იყო და ისინი დიდ შესვენებაზე 24-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. თუმცა „კავკასიამ“ მეორე და მესამე მეოთხედში თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოსწორა და თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე სხვაობა ხუთ ქულამდეც შეამცირა, თუმცა მეტის გასაკეთებლად ბექა წივწივაძის გაწვრთნილ მოთამაშეებს ძალა აღარ ეყოთ.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 29 ქულით დეტრეკ ბრაუნინგი იყო, დამარცხებულებს შორის კი საუკეთესო შედეგი ჯასტინ ფორესტმა აჩვენა, რომელმაც მატჩი 23 ქულით დაასრულა. მოხსნების რაოდენობით ჩემპიონ გუნდს მარქუს გილსონმა (12) ულიდერა, „კავკასიელებს“ შორის კი ამ მხრივ აიზია ელისი (13) გახლდათ გამორჩეული.
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ტრადიციულად სეზონის ლაურეატებიც გამოავლინეს. როგორც მოსალოდნელი იყო საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი კოტე ტუღუშმა მიიღო, გათამაშების საუკეთესო კალათბურთელი კი, „ქუთაისის“ ლიდერი დეტრიკ ბრაუნინგი გახდა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაშიც შედეგიანობით გამოირჩეოდა.