„მჯერა, რომ ფანები მთელი გულით დაგვიჭერენ მხარს“ - მონტელა ევრო 2024-ზე
ცოტა ხნის წინ, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის დაწყებამდე ახალი სპონსორი წარადგინა, პრეზენტაციის შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ მოახლოებულ ტურნირზე მცირე კომენტარი გააკეთა.
რა თქვა მონტელამ:
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სპონსორი, რადგან ეს მაგრძნობინებს, რომ მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ეროვნულ გუნდს ენდობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავლისთვის სწორ საქმეებს ვაკეთებთ. მნიშვნელოვანი დღეები გველოდება და მჯერა, რომ თურქები მთელი გულით დაგვიჭერენ მხარს და დორტმუნდში თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ მოედანზე“.
„შემადგენლობის სელექცია? ისეთ ტურნირებზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, 85 მილიონი მწვრთნელია. შესაბამისად, მოსაზრებაც ამდენი იქნება. მაგრამ შერჩევისას გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად და თავისუფლად ვიღებ. გარწმუნებთ, ჩემს მოვალეობას კარგად შევასრულებ. საქმეს პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით და მთელი გულით მივუდგები“.
„ძალიან აღფრთოვანებული და მოტივირებული ვარ. ველი, რომ ეროვნულ, საყოველთაო დონეზე ვიამაყებთ“.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე თურქეთი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება და ჯგუფურ ეტაპს სწორედ თურქებთან მატჩით, 18 ივნისს გავხსნით. ჩვენი მეზობლების გარდა, ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებსაც დავუპირისპირდებით.