გაორმაგებული მოგება კლუბებს - სუპერ ლიგის დაწყება 2025 წლიდან იგეგმება
სუპერლიგის ორგანიზატორები მუშაობენ, რომ ტურნირი 2025 წლიდან დაიწყოს. ესპანური გამოცემა Mundodeportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის კომერციულმა სასამართლომ ფიფას და უეფას წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რამაც სუპერლიგის ხელმძღვანელებს უფლება მიეცათ, რომ საორგანიზაციო სამუშაოები დაიწყონ.
პრომოუტერები სუპერლიგის წევრ კლუბებს უქმნიან შესაძლებლობას, რომ ტურნირი თავად მართონ და ის რომელიმე ორგანიზაციაზე დაქვემდებარებული არ იქნება. ამასთან, ცნობილია, რომ თითოეული კლუბი მხოლოდ მონაწილეობის გამო უეფას ტურნირებთან შედარებით, ორჯერ დიდ თანხას მიიღებს.
როგორც Mundodeportivo წერს, ტურნირის დასაწყებად თითქმის ყველაფერი მზადაა, გარდა სატელევიზიო პლატფორმისა, რომელზეც ორგანიზატორები აქტიურად მუშაობენ. წინასწარი გათვლებით, მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება და სუპერლიგის დაწყება 2025 წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი. საგულისხმოა, რომ ორგანიზატორების ინიციატივით, გულშემატკივრებს ტურნირის ხილვა უსასყიდლოდ შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ფიფას და უეფას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე თვის წინ ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა და ორგანიზაციები კონკურენციის საწინააღმდეგო მოქმედებაში დაადანაშაულა. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა სუპერ ლიგის პროექტი 2021 წელს დაბლოკეს და მასში მონაწილე გუნდებს სანქციებით დაემუქრნენ.
ამ დროისთვის, სუპერ ლიგას მხოლოდ სამი წევრი ჰყავს - მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“, თუმცა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში, სუპერ ლიგის წევრთა რიცხვი გაიზრდება.