გურამ თუშიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

თუშიშვილის უნიკალური მიღწევა

გურამ თუშიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმთავრეს მიზანს ვერ მიაღწია და ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა ეს ტურნირი მისი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება. მოპოვებული ვიცე-ჩემპიონის ტიტულით ის გახდა ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიოს პირველობაზე სამივე სინჯის მედალს ფლობს.

29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა წლევანდელ ტურნირზე გამოსვლა ალჟირელი მოჰამედ ელ მეჰდი ლილის დამარცხებით დაიწყო, რასაც თურქ იბრაჰიმ თათაროღლუსთან გამარჯვება მოჰყვა. მეოთხედფინალში თუშიშვილმა რუს ტამერლან ბაშაევს აჯობა, ნახევარფინალში კი უზბეკ ალიშერ იუსუპოვზე ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება ფინალს, სამხრეთ კორეელმა კიმ მინჯონგმა ის შებოჭვაზე დაიჭირა და გურამმა დასანანი მარცხი განიცადა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი თუშიშვილმა 23 წლის ასაკში, 2018 წელს ბაქოში მოიპოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ფინალში აზერბაიჯაინის სახელით მოასპარეზე ქართველი მეტოქის, უშანგი კოკაურის დამარცხების შედეგად ავიდა. 2022 წელს ის უკვე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ტაჯიკ ტემურ რახიმოვს მოუგო.

რომელ ქართველ ძიუდოიტს შეუძლია უახლოეს მომავალში თუშიშვილის მიღწევის გამეორება? მასთან ყველაზე ახლოს ლაშა ბექაური (2022-ბრინჯაო, 2023-ვერცხლი), ტატო გრიგალაშვილი (2022, 2023, 2024-ოქრო, 2021-ვერცხლი), ლუკა მაისურაძე (2019, 2022-ბრინჯაო, 2023-ოქრო) და გიორგი სარდალაშვილი (2023-ბრინჯაო, 2024-ოქრო) არიან.

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს საერთო ჯამში 66 (14 ოქრო, 16 ვერცხლი, 36 ბრინჯაო) მედალი აქვთ მოპოვებული. პირველი ქართველები კი, რომლებიც პლანეტის პირველობაზე პრიზიორებს შორის მოხვდნენ ანზორ ქიბროწაშვილი (ვერცხლი) და ანზორ კიკნაძე (ბრინჯაო) იყვნენ, რომელთაც ამის გაკეთება 1965 წელს გამართულ შეჯიბრებაში მოახერხეს. ყველაზე მეტი ოქროს მედალი ქართველებიდან მსოფლიოს პირველობაზე ტატო გრიგალაშვილის (3), ვერცხლი ვარლამ ლიპარტელიანის (3), ხოლო ბრინჯაოს ასევე ვარლამ ლიპარტელიანისა და დავით ხახალეიშვილის ანგარიშზეა, რომლებმაც მესამე ადგილი სამჯერ დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებები IJF-ის რეიტინგში | რომელ ადგილებს იკავებენ ქართველი ჯუდოკები
ცვლილებები IJF-ის რეიტინგში | რომელ ადგილებს იკავებენ ქართველი ჯუდოკები