ცვლილებები IJF-ის რეიტინგში | რომელ ადგილებს იკავებენ ქართველი ჯუდოკები
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, IJF-მა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) ყველა წონითი კატეგორიის რეიტინგი განაახლა. ცვლილებები ქართველ ჯუდოკებსაც შეეხოთ და აი, ასე გამოიყურება განახლებული რეიტინგი.
-60 კილოგრამი წონითი კატეგორია
გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 6 საფეხურით დაწინაურდა. ქართველი ჯუდოკას ანგარიშზე 5849 ქულაა, მეორე ადგილზეა და მხოლოდ იანგ იუნ ვეის ჩამორჩება, რომელსაც ფინალში მოუგო.
-66 კილოგრამი წონითი კატეგორია
ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო და 5 ადგილით დაწინაურდა. მარგველაშვილი მე-3 პოზიციაზეა, 4970 ქულა აქვს და მხოლოდ დენის ვიერუ და რიომა ტანაკა უსწრებენ.
-73 კილოგრამი წონითი კატეგორია
ლაშა შავდათუაშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა და მე-6 გახლავთ. გიორგი ტერაშვილმა 3 ადგილით დაიხია უკან და 27-ზეა.
-81 კილოგრამი წონითი კატეგორია
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, მაგრამ მატიას კასეს ვერ გადაუსწრო და კვლავინდებურად მეორეა. ტატოს 7840 ქულა აქვს, კასეს - 7932. პროგრესი ჰქონდა დიმიტრი გოჩილაიძეს, რომელიც 12 საფეხურით დაწინაურდა და 26-ზეა.
-90 კილოგრამი წონითი კატეგორია
-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვითარება არ შეცვლილა და ლაშა ბექაური კვლავინდებურად ლიდერია - 5640 ქულა.
-100 კილოგრამი წონითი კატეგორია
ილია სულამანიძე რეიტინგის პირველ ადგილს იკავებდა, მაგრამ ზელიმ კოცოიევმა გადაასწრო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ვარლამ ლიპარტელიანი 30-ეა.
+100 კილოგრამი წონითი კატეგორია
გურამ თუშიშვილმა, ვინც მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 3 ადგილით წაიწია წინ და მე-4 პოზიციაზეა. საბა ინანეიშვილი 26-ე გახლავთ.
-57 კილოგრამი წონითი კატეგორია (ქალები)
ეთერ ლიპარტელიანი კვლავინდებურად მერვეა, ნინო ლოლაძე 17 ადგილით დაწინაურდა და 64-ე გახლავთ.
-63 კილოგრამი წონითი კატეგორია (ქალები)
ეთერ ასკილაშვილი 49-ე ადგილზეა, იგი 10 საფეხურით დაწინაურდა.
-70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველ ჯუდოკებს ცვლილებები არ შეხებიათ. +78-ში, სოფიო სომხიშვილი 29-ე გახლავთ.