„ნომერ პირველი მტერი“ | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე წერს
გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება. ფრანგულმა ვებგვერდმა, Envertetcontretous-მა, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს „სენტ-ეტიენთან“ დაკავშირებულ სიახლეებს სთავაზობს, მოახლოებულ დუელზე დაწერა და ქართველ ფეხბურთელს „ნომერ პირველი მტერი“ უწოდა.
„გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მეცის დაწინაურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ლოგიკურია, რომ ზაფხულში სხვა კლუბების ვარიანტები ჰქონდა და აიაქსში გადასვლა აირჩია, მეცმა კი მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო მიიღო. ამსტერდამში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ, ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე მეცში იჯარის წესით, იანვარში დაბრუნდა.
ტრანსფერი მეცისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა და მიქაუტაძემ ფორმა მალევე დაიბრუნა. იანვრის შემდეგ, მან მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო და 11 გოლი გაიტანა. მეცი ამ სეზონშიც მისი მადლიერი უნდა იყოს და გუნდის საუკეთესო ბომბარდირების სიის ნახვა საკმარისია იმის მისახვედრად, რამდენადაა ლასლო ბოლონის კოლექტივი ქართველ თავდამსხმელზე დამოკიდებული. მიქაუტაძე პირველია, მეორე პოზიციაზე მყოფ იუდოლს, ჯალოსა და საბალის კი 3-3 გოლი აქვთ გატანილი. ამასთან, მიქაუტაძე მეცის საუკეთესო მეპასეცაა და კამარასთან და იუდოლთან ერთად, პირველ ადგილს იყოფს.
გასულ სეზონში, ქართველმა თავდამსხმელმა სენტ-ეტიენს განსაკუთრებული ტკივილი მიაყენა. მეცის საშინაო არენაზე გამართულ შეხვედრაში, გიორგი ჩუმად იყო, სტუმრად კი დუბლი გაიფორმა. მის მეორე გოლს აურზაური მოჰყვა, რის გამოც, არბიტრი იძულებული გახდა, მატჩი გაეჩერებინა. მიქაუტაძემ თითებით 69 გამოსახა და გოლი ასე აღნიშნა, რამაც ვითარება დაძაბა, თუმცა, მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარ ქმედებას არ ნანობს.
მესამე გოლის ეპიზოდში, მიქაუტაძის ნათესავებმა, რომლებმაც პრეფექტურის განკარგულება, რომ მატჩს მეცის ქომაგები არ უნდა დასწრებოდნენ (წინასწარ ავტორიზებული გულშემატკივრების გარდა), არაფრად ჩააგდეს, გატანილი ბურთი გადაჭარბებულად აღნიშნეს. მათ მეცის მხარდამჭერი დროშაც გადმოფინეს, რასაც სენტ-ეტიენის ფანების უკმაყოფილება მოჰყვა. მოკლედ, ქართველი პრინცის დაბრუნება მწვანეების საშინაო სტადიონზე ამაღელვებელი მოვლენა უნდა იყოს“, - წერს Envertetcontretous-ი.
შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენისა“ და „მეცის“ დაპირისპირება ორმატჩიანია. პირველი შეხვედრა 30 მაისს, თბილისის დროით, 23:30-ზე დაიწყება, განმეორებითი თამაში 2 ივნისს, 19:00-ზე არის ჩანიშნული.