ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„თავში იმდენჯერ მოარტყეს სისულელეებს ამბობს“ | ილიამ ჰოლოუეიზე ისაუბრა

ილია თოფურია NUDE PROJECT-ის პოდკასტის სტუმარი იყო და საინტერესო თემებზე ისაუბრა. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს მაქს ჰოლოუეიზე ჰკითხეს და „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ „დალოცვილმა“ ბევრი სისულელე თქვა.

„იმედი მაქვს, სექტემბერში ვიჩხუბებ და ჩემი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური არაფერია. ის ბევრს ლაპარაკობდა და არც ზედმეტი წარდგენა სჭირდება, თუმცა, თავში იმდენჯერ მოარტყეს, უნდა მიხვდეთ, საქმე რასთან გვაქვს.

ბევრი სიგიჟე და სისულელე თქვა. ჯასტინ გეიჯისთან გასამართი ჩხუბის კვირას, ჩემზე ლაპარაკობდა. როცა მოიგო, ოქტაგონიდან გამომიწვია. გამარჯვების შემდეგ, ღობეზე ავიდა და იქიდან მელაპარაკებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ, ვთქვი, მაქსთან ბრძოლისთვის მზად ვარ თუ ის BMF-ის საჩემპიონო ქამარს ჩამოვა-მეთქი, რაზეც განაცხადა, რომ ეს BMF-ური (Baddest Motherfucker) ქცევა არაა.

რა BMF-ზეა საუბარი? რა სისულელეა! ჭკვიანი ბიჭი გამომივიდა და უნდოდა, ჩემთან ტიტულისთვის ისე ეჩხუბა, თავისი ქამრის დაკარგვის რისკი არ გაჩენილიყო, რაზეც ვთქვი, რომ ან ორივე ქამარი იდებოდა სასწორზე ან ჩვენი ბრძოლა არ გაიმართებოდა. მაქსი ვერაფერს მასწავლის და არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ულტიმატუმები წამიყენოს. ჩემი ქამარი ოქროსია, მისი - ვერცხლის.

მოგვიანებით, გრძელი პასუხი მივწერე და ჩემი ტექსტის ზომა არ მოეწონა. მისი მეგობარი გოგონა გაბრაზდა თუ რაღაც მსგავსი და საბოლოოდ, ვუთხარი, ოქტაგონზე გამოდი და შენი ქამარი და ბალიში გამოიტანე-მეთქი. ბალიში იმიტომ, რომ დავაძინებ. გეუბნებით, თავში ბევრჯერ მოარტყეს და რაღაცებს იგონებს. მინდა, ჩემი მომდევნო მეტოქე ჰოლოუეი იყოს და მინდა, პირველი ვიყო, ვინც დაანოკაუტებს“.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და ნოკაუტით მოგებული ჩხუბის შემდეგ, „ელ მატადორი“ გამოიწვია. UFC-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ დიდი ალბათობით, ილიას მომდევნო მეტოქე „დალოცვილი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუსმა ვენეციას მეორე მატჩიც მოუგო - შენგელიას 5 ქულა
ვირტუსმა ვენეციას მეორე მატჩიც მოუგო - შენგელიას 5 ქულა