დონჩიჩი-ირვინგის დუეტი შეუჩერებელია | დალასმა მინესოტას მესამედ მოუგო
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში, „დალას მავერიქსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და სუპერფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. სტუმრად მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, ტექსასელებმა საკუთარ კედლებში იასპარეზეს და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ 116:107 დაამარცხეს.
მატჩის დიდი ნაწილი ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებში გაირკვა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთითა და 35 წამით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო - 104:104, რის შემდეგაც „მავერიქსმა“ მეტოქეს მხოლოდ სამი ქულა ჩააგდებინა და სერიაში 3:0 დაწინაურდა.
„მინესოტამ“ „დალასის“ უკანახაზელებს, ლუკა დონჩიჩსა და კაირი ირვინგს ისევ ვერაფერი მოუხერხა. დონჩიჩმა 33 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 5 ჩაჭრა დააგროვა, კაირიმ - 33 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი. პი ჯეი ვაშინგტონს 16 ქულა ჰქონდა, დერიკ ჯონს ჯუნიორს - 11. „მინესოტას“ მხრიდან 26 ქულით საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო. საშინლად ითამაშა კარლ-ენტონი თაუნსმა, რომელმაც 18-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 8-დან ყველა სამიანი გააფუჭა. მაიკ კონლიმ მატჩი 16 ქულით დაასრულა, ჯეიდენ მაკდანიელსმა 15 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, „დალასს“ სუპერფინალის საგზურის მოპოვება 29 მაისს შეეძლება, როცა სერიის მეოთხე შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.