ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„ძალიან ვწუხვარ ასეთი სეზონის გამო“ - კალცონა ნეაპოლს დაემშვიდობა

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ განვლილი მატჩი შეაფასა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

რა თქვა კალცონამ:

რა შეიცვალა ნაპოლი-ატალანტას შემდეგ? „ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გასვლა გუნდისთვის უკვე უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ყოველ კვირას გამარჯვება საკმაოდ რთული დავალება იყო, ამისთვის საკმარისი ძალა არ აღმოგვაჩნდა. კონკურენტებთან შედარებით, საგოლე მომენტების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ რეალიზებას ვერ ვახდენდით. დღესაც მსგავსი პრობლემა გვქონდა. „ლეჩეს“ ერთი 100%-ანი მომენტით შეეძლო გოლის გატანა, ჩვენ კი მრავალი შანსი ვერ გამოვიყენეთ“.

აქვს თუ არა ამ გუნდს მომავალი? „მოთამაშეები შესაძლოა გუნდისთვის შესაფერისი, ან ნაკლებად შესაფერისი იყვნენ. ლინდსტრომი ძლიერი მოთამაშეა და მახასიათებლებით იდეალურად შეეფერება „ნაპოლის“ დონის გუნდებს. შესაძლოა, მას უფრო უკეთ შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა და მე სწორად ვერ ვიყენებდი. ყველას სურს, რომ თავი მაქსიმალურად გამოხატონ, ძვირფასი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამ მდგომარეობას განიცდიან. მჯერა, რომ ახალ სეზონში უფრო უკეთესები იქნებიან“.

შეგეძლოთ სხვა სისტემის გამოყენება? „ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, რადგან ერთი ფორმაციის მიმდევარი არ ვარ. ვცდილობ, მოთამაშეებს პერიოდულად ადგილები შევუცვალო, რათა მეტოქეებთან სიურპრიზის შესაძლებლობა მქონდეს. მაგრამ ამ გუნდს 4-2-3-1 წყობით თამაშის დიდი მახასიათებლები არ აქვს. ამ წყობაში, ერთადერთი, ვისაც კარგად თამაში შეუძლია, ჯაკომო რასპადორია, თუმცა, მისი დაყენებით, ლობოტკა იზღუდება. კვარას და პოლიტანოს სახით კარგი გარემარბები გვყავს, თუმცა, ისინი მხოლოდ შემტევები არიან, ამის ფონზე დაცვაში ანგისა რჩება“.

ამ მატჩისთვის კარგად მოემზადეთ? „ძალიან კარგად მოვემზადეთ, უკანდასახევი გზა არ გვქონდა. ერთადერთი, ჩვენს სასტუმროში არ ვყოფილვართ, რადგან არ გვინდოდა მიწისძვრის გამო ბიჭებისთვის პრობლემები შეგვექმნა. ისინი სახლებში დარჩნენ და დღეს დილით შევიკრიბეთ. ბიჭები პროფესიონალები არიან და ამას მათზე არ უმოქმედია“.

რატომ შეცვალეთ დი ლორენცო? „ფლორენციაში მაძოკის თამაშით კმაყოფილი ვიყავი. მინდოდა, რომ თამაშის ბოლოსკენ მარჯვენა ფლანგზე ცოტა მეტი ბიძგი მიმეღო. ვიფიქრე, რომ სიტუაციის გაუმჯობესება შემეძლო და დი ლორენცო ამის გამო გავიყვანე“.

ევროპის ჩემპიონატის წინ, ეს კარგი გამოცდილება იქნება? „ძალიან ვწუხვარ, რომ „ნაპოლის“ სეზონი ასე დასრულდა. ხვალიდან სლოვაკეთზე ვიფიქრებ“.

რას ეტყოდით გულშემატკივრებს? „მათი პროტესტი საფუძვლიანი იყო. სანამ თასებზე მოხვედრის შანსი გვქონდა, ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ. ვერაფერს ვიტყვი, სხვა სტადიონებზე ამას უფრო მკაცრად აპროტესტებენ, აქ კი პროტესტი ძალიან სამოქალაქო იყო“.

„ზოგადად, რატომ ტოვებს მწვრთნელი თანამდებობას? წარუმატებელი შედეგების გამო. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ გუნდი ყოველთვის კარგად ვარჯიშობდა. Castel Volturno-ში დაპირისპირება არასდროს ყოფილა, პირიქით, მუდამ ერთობა იყო. „ნაპოლიში“ ფულის გამო არ მოვსულვარ, ერთადერთი მიზანი სიტუაციის გამოსწორება იყო, მაგრამ არ გამოვიდა.“

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. გამარჯვების შემთხვევაში, ნეაპოლიტანელები კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებდნენ. „ნაპოლის“ უშუალო კონკურენტმა, „ტორინომ“ თავისი მატჩი „ატალანტასთან“ 3:0 წააგო და კალცონას გუნდი კი მოგების შემთხვევაში მე-9 ადგილზე აღზევდებოდა. ნეაპოლურმა და ტურინულმა გუნდებმა თანაბარი, 53-53 ქულა დააგროვეს, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო კი მე-9 ადგილი „ტორინოს“ ერგო. თუ კონფერენს ლიგის ფინალში „ფიორენტინა“ „ოლიმპიაკოსთან“ გაიმარჯვებს, მაშინ ამავე ტურნირის საგზურს „ტორინო“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები