გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს ჩემპიონს 21 წელი შეუსრულდა - სარდალაშვილის გზა ისტორიის დაწერამდე

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა და სენსაცია გიორგი სარდალაშვილია - მან 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს აჯობა და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გიორგი საქართველოსთვის გამორჩეულ 26 მაისს არის დაბადებული და დღეს მას 21 წელი შეუსრულდა.

გიორგი სარდალაშვილი 2003 წელს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში დაიბადა. 5 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები საცხოვრებლად რუსთავში გადავიდნენ. ძიუდოში ვარჯიში 7 წლის ასაკში ხვიჩა კაპანაძის ხელმძღვანელობით დაიწყო და პარალელურად ცურვაზეც დადიოდა. პირველი სერიოზული ტიტული 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამას მოჰყვა შიდა სარეიტინგო პირველობებსა და თურქეთის ღია თასზე გამარჯვება, რამაც ნაკრებში მის ინტეგრაციას შეუწყო ხელი.

პანდემიის შემდეგ, როდესაც ძიუდოისტებმა იძულებითი პაუზა დაასრულეს, სარდალაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში კონტინეტურ ღია თასზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მწვრთნელების გადაწყვეტილებით გიორგის მალე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიეცა ასპარეზობის შესაძლებლობა და 2021 წელს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამაგიეროდ, ზუსტად სამ კვირაში გაცილებით უფრო პრესტიჟულ ტურნირზე, მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. იტალიის ქალაქ ოლბიაში ჩატარებული ტურნირის ფინალში სარდალაშვილმა აზერბაიჯანელი ტურან ბაირამოვი დაამარცხა.

2021 წელს დაწყებული წარმატებული ასპარეზობა 2022-შიც გაგრძელდა. მისთვის რიგით მეორე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორობას, თბილისის გრანდ სლემზე ვიცე-ჩემპიონობა და აბუ დაბის გრანდ სლემის მოგება მოჰყვა. 2023 წელს თბილისის გრანდ სლემსა და დოჰაში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე გიორგიმ შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მისთვის ტრიუმფალური და ჯერჯერობით საუკეთესო 2024 წლის დასაწყისში ტაშკენტის გრან პრიზე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. თუმცა, უპრესტიჟულეს მსოფლიოს პირველობაზე გამოუცდელმა ახალგაზრდამ გროსმეისტერულად იჭიდავა, ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და საქართველოს ძიუდოს ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. წინ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებია და წარმატების შემთხხვევაში ის გახდება 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნესტორ ხერგიანის შემდეგ პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც მთავარ სპორტულ შეჯიბრებაზე მედალს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაზარი დამატებით დროში - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ვაზარი დამატებით დროში - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია