ისტორიის დასასრული - სან სიროდან ჟირუ, პიოლი და კიაერი გააცილეს
მიმდინარე სეზონის სერია ა-ს ბოლო ტურში მილანმა სალერნიტანას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში გოლები ლეაუმ, ჟირუმ და კალაბრიამ გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა ფრანგი თავდამსხმელის გოლი, რომელიც მილანში მისთვის ბოლო იყო.
30 ივნისიდან ვეტერანი ფრანგი „როსონერის“ ტოვებს და კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ასევე მილანი დატოვეს სტეფანო პიოლიმ და სიმონ კიაერმა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამივე მათგანი სან სიროდან დიდი ოვაციებით გააცილეს.
შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუ „როსონერის“ 2021 წელს შეუერთდა. მილანის მაისური დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 132-ჯერ მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულეს.
სიმონ კიაერი მილანის ღირსებას 2020 წლიდან იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება პიოლის, იტალიელი სპეციალისტი მილანს სათავეში 2019 წელს ჩაუდგა. ჯამში სტეფანო „როსონერის“ 240ჯერ გაუძღვა, 130 მატჩი მოიგო, 58 წააგო, ხოლო 52 ფრედ დაასრულა. პიოლიმ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, სადაც გასულ სეზონში ნახევარფინალში დამარცხდა. 2021/2022 წლებში კი სერია ა მოიგო.