კროოსი: “ჩემი შვილების ცრემლებმა მომკლა“
ლა ლიგის ბოლო ტურში რეალმა ბეტისს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ იყო.
ტონი კროოსმა კარიერაში ბოლოჯერ ითამაშა სანტიაგო ბერნაბეუზე. ლეგენდარული გერმანელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ხოლო ამის შემდეგ საფეხბურთო კარიერას ასრულებს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ტონი კროოსმა კომენტარი გააკეთა.
კროოსი:
„დამშვიდობება ადვილი არ არის, მაგრამ შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო მადრიდის რეალს, მთლიანად კლუბს, ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს სტადიონს.. ამ ათი წლის განმავლობაში თავს ყოველთვის სახლში ვგრძნობდი. აქაურობა დაუვიწყარია.
სხვანაირი გრძნობა დამეუფლა, რადგან იცი, რომ ეს ბოლო თამაში იყო. მინდა მაქსიმალურად ვისარგებლო. ეს 85 წუთი გავატარე ისე, როგორც ყოველთვის ვაკეთებ. აქ 2 კვირაში ერთხელ თამაშობ, მაგრამ ყოველთვის ამჩნევ, რომ ეს განსაკუთრებული მომენტია.
საკმაოდ ძლიერად გამოვიყურებოდი, მაგრამ, როცა ჩემი შვილები აცრემლებული დავინახე, ამან მომკლა. მადრიდის რეალი განსაკუთრებული გუნდია. აქ ყოველთვის ვგრძნობდი უდიდეს პატივისცემას. პირველი დღიდან თავს კომფორტულად ვგრძნობდი.“
შეგახსენებთ, რომ გერმანელი ნახევარმცველი „სამეფო კლუბს“ 2014 წელს შეუერთდა და 22 ტიტული მოიგო. ახლა კი შესანიშნავი შანსი აქვს 23-ე ტიტული მოიგოს. პირველ ივნისს რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება.
ყველა ტურნირზე ერთად კროოსმა რეალის შემადგენლობაში 463 მატჩი გამართა, 28 გოლი გაიტანა და 98 საგოლე გადაცემა შეასრულა.