აცრემლებული სტადიონი - კროოსმა ბერნაბეუზე ბოლოჯერ ითამაშა
მიმდინარე სეზონის ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის რეალმა ბეტისს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. „სამეფო კლუბი“ რამდენიმე ტურის წინ ჩემპიონი გახდა.
აღნიშნული დაპირისპირება იმით იყო გამოსარჩევი, რომ ტონი კროოს სანტიაგო ბერნაბეუზე ბოლოჯერ თამაშობდა. ლეგენდარული გერმანელი ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს და შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
მატჩის დაწყების წინ, ორივე გუნდმა ტონის საპატიო დერეფანი მოუწყო. „ბლანკოსის“ ფეხბურთელებს კი 8-ნომრიანი მისი მაისური ეცვათ.
კარლო ანჩელოტიმ კროოსი 86-ე წუთზე შეცვალა და მას მთელი მოედანი ფეხზე წამოუდგა. გულშემატკივრები მის გვარს სკანდირებდნენ და ტაშით აცილებდნენ. განსაკუთრებით ემოციური იყო გერმანელი ფეხბურთელის შვილების კადრები, რომლებიც მამას თვალცრემლიანი აცილებდნენ.
შეგახსენებთ, რომ კროოსი მადრიდის რეალში 2014 წელს გადავიდა. მას შემდეგ „სამეფო კლუბთან“ ერთად 22 ტიტული მოიგო და 23-ეს შანსი აქვს. დღემდე ტონიმ რეალის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 464 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 28 გოლი გაიტანა და 98 საგოლე გადაცემა შეასრულა.