მათეუსი: ფლიკი ბარსელონაში გუარდიოლას მაგიას დააბრუნებს
ლოთარ მათეუსმა „ბარსელონაში“ ჰანსი ფლიკის დანიშვნა დადებითად შეაფასა და მის თანამემამულე სპეციალისტს მხარი დაუჭირა.
მათეუსი თვლის, რომ ფლიკს გუარდიოლას დროინდელი „ბარსელონას“ დაბრუნება შეუძლია.
„ძალიან ბედნიერი ვარ ჰანსის გამო. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბარსელონასთან კონტაქტში იყო და კლუბმა მას შეთავაზება გაუკეთა. ფლიკმა მოთმინება გამოიჩინა და ახლა ის მსოფლიო დონის კლუბში მუშაობას შეძლებს.
ჰანსის სტილი ბარსელონას მოუხდება. მას სურს, რომ მისმა გუნდებმა შემტევი და მიმზიდველი ფეხბურთი ითამაშონ. ტერ შტეგენის, გიუნდოგანისა და ლევანდოვსკის სახით მას ჰყავს სამი ფეხბურთელი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან გიუნდოგანი გერმანიის ნაკრების კაპიტანი გახადა, რაც მათ შორის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მეტყველებს.
ბარსელონას ჰყავს ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები და კლუბი ყოველთვის პოულობს გზას ტრანსფერების განსახორციელებლად, მიუხედავად მათი რთული ეკონომიკური პირობებისა.
კლუბში ასევე ბევრი ძვირფასი ქვაა (ტალანტები), რომელთა განვითარებასაც ჰანსი ხელს შეუწყობს, რომელიც ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენით ცნობილია.
გუარდიოლას დროს ბარსელონა განასახიერებდა სანახაობრივ, ლამაზ ფეხბურთს. ჰანსის შეუძლია ამ მაგიის დაბრუნება“,
- განაცხადა ბაიერნის ყოფილმა მცველმა.
ჰანსი ფლიკს „ბარსელონა“ ოფიციალურად ორშაბათს წარადგენს. გერმანელი სპეციალისტი კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.