„ბევრი მიზეზი მაქვს, რომ კვლავ ჩიტოსთან ვიჩხუბო“ - ომალი მერაბს გაურბის
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ომალი, თავისი მომავალი ბრძოლის შესახებ საუბარს განაგრძობს და მერაბ დვალიშვილისგან თავის დაღწევის გზებს ირიბად კვლავ ეძებს.
„შუგას“ აშკარად ეტყობა, რომ ქართველ „მანქანასთან“ დაპირისპირების ეშინია, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ დვალიშვილის არიდების შანსი მცირე აქვს.
დვალიშვილი რეიტინგის პირველი ნომერია და სატიტულო ბრძოლაც მას ერგება. მომდევნო პრეტენდენტი კორი სანდჰაგენია, თუმცა ომალი ჩიტო ვერასთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების სურვილს აფიქსირებს.
„ჩიტო ვერა შესაძლოა უფრო დიდი სახელის მქონე მებრძოლია, ვიდრე მერაბი ან კორი.
ჩემი შემდეგი ბრძოლა ძალიან ამაღელვებელია, რადგან ყურებადობას პლუს ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ბევრი მიზეზი მაქვს, რის გამოც მომდევნო მეტოქედ ჩიტო ვერას ვარჩევ.
კარგით, ვინ არის შემდეგი რეიტინგის მიხედვით? ეს მერაბია. მე ჩემპიონი ვარ. მოდი ვნახოთ რა მოხდება.
ამ ბოლო დროს მე დენა უაითთან შეხვედრა მქონდა და მან მითხრა, რომ რამდენიმე კვირაში რაღაც ძალიან დიდის გამოცხადებას აპირებს. მე მას დაველოდები. თუმცა მე ვიცი რაც მინდა - მსურს ყველაზე დიდი ჩხუბი მივიღო. ბევრი ფულის შოვნა მინდა. მსურს ჩემს თითო ბრძოლაზე დიდი ანაზღაურება და მეტი მნახველი მივიღო“.
- განაცხადა ომალიმ “Believe You Me” პოდკასტში.
ეს პირველად არ ხდება, როცა შონ ომალი ორაზროვნად საუბრობს და მერაბ დვალიშვილის ფაქტორისთვის გვერდის ავლას ცდილობს. „შუგას“ თავისი საჩემპიონო ვადების გახანგრძლივება მაქსიმალურად სურს, რადგან ხვდება, რომ ქართველი „მანქანა“ მის ქამარს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.