ტორპედოს საოცარი ქამბექი - ქუთაისელების წაუგებელი სერია 11 მატჩამდე გაიზარდა
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-16 ტური დღეს ორი საინტერესო შეხვედრით დასრულდა. „შენგელია არენაზე“ „ტორპედომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 86 წუთის განმავლობაში მარცხდებოდა, საბოლოო ჯამში სამი ქულის აღება მაინც მოახერხა, რის შემდეგაც ქუთაისური გუნდის წაუგებელი სერია 11 მატჩამდე გაიზარდა.
ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა - აურო ჟუნიორის შეცდომით მათე ვაწაძემ ისარგებლა და „გაგრა“ დააწინაურა. სტუმართა 35 წლის კაპიტანმა გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და ლიგაში 4 ბურთი დაუგროვდა.
მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა შესვენების შემდეგ თამაშის გაძლიერება შეცვლებით სცადა, რამაც ასი პროცენტით გაამართლა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკოლა ნინკოვიჩი, რომელიც შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო და ორი საგოლე პასი შეასრულა. 29 წლის სერბმა ფორვარდმა ჯერ დასარტყმელ პოზიციაზე ფელიპე პირესი გაიყვანა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი მის კუთხურს ზუსტი თავური დარტყმით ბიორნ იონსენი გამოეხმაურა და მასპინძლებს უმნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.
სომეხი მთავარი მწვრთნელის, არმენ ადამიანის ხელმძღვანელობით „თელავმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. „კავკასიონი არენაზე“ კახელებმა წყალტუბოს „სამგურალი“ 2:1 დაამარცხეს. 32-ე წუთისთვის მასპინძლები თორნიკე მორჩილაძისა და დაჩი ცნობილაძის გოლებით უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, რასაც სტუმრებმა 78-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
თექვსმეტი ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 35 ქულით გორის „დილა“ ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ თბილისის „იბერიას“ სამი, მესამეადგილოსან „დინამო ბათუმს“ კი ხუთი ქულით უსწრებს. მომდევნო, მეჩვიდმეტე ტურის მატჩები 27-28 მაისს გაიმართება.