ვილი სანიოლი, ჯაბა კანკავა, გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. 38 წლის ჯაბა კანკავა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 101 მატჩი აქვს გამართული, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.

ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იძულებით ცვლილებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა: „ჯაბა კანკავა ნაკრების გამოცდილი და დამსახურებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მარტის პლეი ოფის მატჩებში, მისი ნაკრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გუნდში დიდი მუხტი შემოიტანა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზე ისევ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიონალია გუნდისთვის. პირადად ჩემთვის, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამავდროულად მას პატივს ვცემ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იგივე პოზიციის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს და ნაკრები დაბალანსებულად დაკომპლექტდეს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შვეიცარიული ბაზელის წევრი გაბრიელ სიგუა შეუერთდება".

ამხანაგური მატჩისა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან გამართავს. შეხვედრა 9 ივნისს, პოდგორიცაში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები