ნაპოლი თადარიგს იჭერს - თუ, კვარა წავა, მისი შემცვლელი ცნობილია
ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ არსებული მოვლენები სულ უფრო ცხელი ხდება. პსჟ ქართველი შემტევის გაფორმებას მთელი ძალებით ცდილობს.
იტალიური spazionapoli წერს, რომ „ნეაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩას წასვლისთვის მზადება დაიწყო და თავის დაზღვევის მიზნით მისი შემცვლელის ძიებას შეუდგა.
წყაროს თანახმად, ნეაპოლელები კვარაცხელიას ნომერ პირველ შემცვლელად „ჯენოას“ შემტევს ალბერტ გუდმუნდსონს მოიაზრებს.
26 წლის ისლანდიელი ფეხბურთელი უნივერსალია. მას კვარაცხელიას პოზიციაზე და ასევე მოედნის ცენტრში თამაშიც შეუძლია. „ჯენოას“ რიგებში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯამში კი 2022 წლიდან დღემდე 89 მატჩში 31 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს.
როგორც ცნობილია, კვარაცხელია ლუის ენრიკესთვის პრიორიტეტული სამიზნეა. ესპანელ სპეციალისტს მბაპეს პოზიციაზე სწორედ კვარა სურს. დღეს, პარიზულმა კლუბმა ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა ჯერჯერობით ნეაპოლელთა პასუხი უცნობია.
როგორც ცნობილია, „ნეაპოლის“ ხვიჩას სანაცვლოდ რაც შეიძლება მეტის მიღება სურს. საუბარია 120-დან 150 მილიონ ევრომდე, თუმცა პსჟ საქმეს სერიოზულად უდგება და ნეაპოლში ამას ხვდებიან.
თავად კვარას, როგორც ნიკოლო შირამ დაწერა, კლუბის დატოვების სურვილი აქვს, რადგან თავს დაუფასებლად თვლის.