ინტერესი ბუნდესლიგიდან - შესაძლოა, კიტეიშვილმა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს
როგორც ავსტრიული Krone წერს, ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმში’’ რჩება, კლუბის სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი თანამდებობას ინარჩუნებს და კიტეიშვილთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს, თუმცა CrystalSport-ის ინფორმაციით, კიტეიშვილის მომავალი ამ ეტაპზე გარკვეული არაა, უცნობია დარჩება „შტურმში’’ თუ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.
CrystalSport-ის ინფორმაციით, გასული სეზონის მიმდინარეობისას „ჰოფენჰაიმი’’ ქართველ ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებოდა და დაკვირვება ევრო 2024-ზეც გაგრძელდება. „სოფლელებს’’ კიტეს მიმართ ინტერესი 2023 წლის ზაფხულშიც ჰქონდათ, თუმცა მაშინ ქართველ ნახევარმცველს „შტურმთან’’ კონტრაქტი აკავშირებდა, ახლა კი განსხვავებული ვითარებაა, კიტე ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება.
„ჰოფენჰაიმი'' ერთადერთი გერმანული კლუბი არაა, რომელიც ქართველი ნახევარმცველით ინტერესდება, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა, 28 წლის ნახევარმცველი გასული სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასევე, ბუნდესლიგა და ავსტრიის თასი მოიგო, თუმცა თუ ევრო 2024-ზეც გამოავლენს საუკეთესო თვისებებს, ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული გუნდების სია კიდევ უფრო გაიზრდება და კიდვე უფრო შთამბეჭდავი გახდება.
როგორც გითხარით, გრაცის „შტურმის’’ სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი პოსტზე რჩება. ინფორმაცია „შტურმის’’ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, თუმცა შიკერის დარჩენა ან წასვლა კიტეს ტრანსფერზე დამოკიდებული არაა. შიკერის მიწვევით „ჰოფენჰაიმი'' ინტერესდებოდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და შიკერი „შტურმში'' დარჩა. მათი შეუთანხმებლობის მიუხედავად კიტეს „სოფლელებში'' ტრანსფერი გამორიცხული არაა. ასევე გეტყვით, რომ „ჰოფენჰაიმმა'' ბუნდესლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა და შემდეგ სეზონსი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-24 წლების სეზონში 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ევროტურნირებსა და სანაკრებო შეხვედრებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ტოპ 5 ლიგაში თამაშისთვის მზადაა.