ჯაბა კანკავა
Aa
Aa

მოულოდნელი გადაწყვეტილება: კანკავა ევრო 2024-ზე არ ითამაშებს

ჯაბა კანკავა ევრო 2024-ზე არ ითამაშებს. ამ საკითხს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა Instagram-ში ვრცელი პოსტი მიუძღვნა. ჯაბა გერმანიაში მხოლოდ გულშემატკივრის სტატუსით გაემგზავრება.

„საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია რომ ფლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე, მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება''.

ჯაბა კანკავამ მრავალწლიანი სანაკრებო კარიერა 2021 წლის მიწურულს დაასრულა, თუმცა მიმდინარე წელს განაახლა, მარტში ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მატჩებისთვის ნაკრებთან ერთად იყო, ლუქსემბურგთან ცვლილებაზე გამოვიდა და კაპიტნის ფუნქციებს ასრულებდა. საბერძნეთთან სკამზე იჯდა, არ უთამაშია.

ჯაბა ეროვნულ ნაკრებში პირველად 2004 წელს ალან ჟირესმა მიიწვია. მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებში 101 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. მატჩების რაოდენობით ეროვნულ ნაკრებში რეკორდსმენი გურამ კაშიაა (112), ჯაბა მეორე პოზიციაზეა. გოლების რაოდენობით, კაბა ეროვნული ნაკრების ისტორიაში მე-9 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები