არ გარისკა - კვერკველიას წელი ატკივდა და შეცვლა ითხოვა
საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში „ალ ოხდუდისა’’ და „ალ ვეჰდას’’ შეხვედრა 1:1 დასრულდა. „ალ ოხდუდის’’ სასტარტოში სოლომონ კვერკველიამ ითამაშა, თუმცა მე-17 წუთზე შეცვალეს. CrystalSport-ის ცნობით, წელი ასტკივდა და შეცვლა ითხოვა, სერიოზული არაფერია. ლოგიკურია რომ ევრო 2024-ის წინ მოთამაშეები ფრთხილობენ, გარისკვა არავის სურს.
32 წლის ქართველ მცველს სტაბილური სეზონი აქვს, რაც ეროვნულ ნაკრებში კარგ თამაშშიც აისახა. კვერკველიამ საუდის არაბეთის უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში ითამაშა (32 სასტარტოში), მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კვერკველია უახლოეს სანაკრებო შეკრებაზე მიიწვია. ევრო 2024-ის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან 9 ივნისს პოდგორიცაში გამართავს.
ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.