„იდიოტი რასისტია“ - უეფას პრეზიდენტი პერესზე | საიდუმლო ჩანაწერები
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ მადრიდის „რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან პირად მიმოწერაში „იდიოტი და რასისტი" უწოდა.
ინფორმაციას გაზეთი The Objective ავრცელებს, რომელიც მსგავსი ინფორმაციების მოძიებაში გამოცდილი გამოცემაა, რომელმაც ჩეფერინისა და რუბიალესის მიმოწერის დეტალები ადრეც გამოაქვეყნა, დღეს კი მორიგი ნაწილი გაასაჯაროვა.
ახალი ჩანაწერი ეხება უეფას და RFEF-ს კონფლიქტს მადრიდის „რეალთან“ სუპერლიგის შექმნის საკითხზე.
2019 წლის 6 დეკემბერს RFEF-ის ხელმძღვანელმა უეფას პრეზიდენტს მისწერა, რომ ესპანური მედია მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებ და პერესთან კონფლიქტში ითრევს. „ჩვენ ვიმოქმედებთ გადამწყვეტად. ჩემთვის რთულია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს“, - წერს რუბიალესი ჩეფერინს.
რუბიალესმა თქვა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის „ხელფასზე ზის". ჩეფერინმა უპასუხა: „ნუ ინერვიულებ. მე ყოველთვის დაგიჭერ მხარს!“
RFEF-ის პრეზიდენტი უეფასა და მადრიდის „რეალს“ შორის დაძაბული სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა.
„პერესი, ბართომეუ და მე ვცდილობდით ტებასის წინააღმდეგ კანდიდატის გვეპოვა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ფლორენტინო ჩემს წინააღმდეგაა. მაგრამ მე გავაგრძელებ ურთიერთობის გაუმჯობესებას. უეფა-ს პოზიცია გულწრფელია“,
- განაცხადა რუბიალესმა.
„ჩვენ ძლიერები ვართ. თუ გინდა, შემიძლია ფლორენტინოს დაველაპარაკო“, - წერს სლოვენიელი (ჩეფერინი). რუბიალესი დაჟინებით მოითხოვდა სიტუაციის განმუხტვის აუცილებლობას: „თუ ტებასი და ფლორენტინო ესპანეთში ჩემს წინააღმდეგ იქნებიან, სიტუაცია ჩემთვის შეუძლებელი გახდება".
ამის შემდეგ უეფას პრეზიდენტმა რუბიალესს მისწერა:
„არ მინდა მასთან (პერესთან) საუბარი. ამას მხოლოდ შენთვის გავაკეთებდი. ის იდიოტი და რასისტია! ნუ მამშვიდებ, არ მჭირდება. მინდა ძლიერი იყო“.
ჯერჯერობით მორიგი ჩანაწერის შესახებ, თავად ფლორენტინო პერესს კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, სუპერლიგის პროექტის ირგვლივ, მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის უეფას პრეზიდენტი და ასევე ლა ლიგის პრეზიდენტიც, თუმცა დონ ფლორენტინო თავისი პროექტის მიმართ ერთგული რჩება.