რონალდუს გამოძახება და ევრო 2024 | რა თქვა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. „სელესაოს“ თავკაცმა ახსნა, კრიშტიანუ რონალდუს წაყვანა რატომ გადაწყვიტა და განაცხადა, რომ საქართველოსთან გასამართი მატჩის შემდეგ, მისმა გუნდმა უკეთ უნდა ითამაშოს.
„კრიშტიანუ რონალდუს გამოძახებაზე საუბრისას შეგვიძლია, სტატისტიკა მოვიშველიოთ. ფეხბურთელი, რომელმაც კლუბში გამართულ 41 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა, სტაბილურობას, ფორმაში ყოფნის უნარსა და კარის წინ, ბრწყინვალე ხარისხს აჩვენებს, რაც ნაკრებში ძალიან მოგვწონს და გვჭირდება კიდეც.
გადაწყვეტილებას იმის მიხედვით არ ვიღებთ, ესა თუ ის ფეხბურთელი რომელ ჩემპიონატში თამაშობს. საუკეთესო გუნდის შეკვრა გვინდა და გამოვიძახეთ 26 მოთამაშე, რომლებიც ჩვენი აზრით, საუკეთესო გუნდს აყალიბებენ. თითოეული ფეხბურთელის თამაშს ყურადღებით ვაკვირდებოდით და ასევე, განვიხილეთ როლი, რომელიც მათ გასახდელში აქვთ.
ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება, ევროზე ფავორიტი არ არსებობს. არსებობენ კანდიდატები, რომლებსაც ტურნირის მოგება შეუძლიათ და ვფიქრობ, პორტუგალია ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ მთავარი ის კი არაა, ახლა სად ვიმყოფებით. მთავარია, საქართველოსთან მატჩის შემდეგ, როგორ მდგომარეობაში ვიქნებით. ამ შეხვედრის შემდეგ, უკეთესი გუნდი უნდა ვიყოთ და თუ არ ოცნებობ, ვერაფერს მიაღწევ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და პორტუგალია ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ხვდებიან და მატჩი 26 ივნისს გაიმართება.