გიორგი წიტაიშვილი, ვილი სანიოლი, ირაკლი აზაროვი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გიორგი არაბიძე, ლევან შენგელია, საბა საზონოვი
Aa Aa

ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, დღეს ევრო 2024-ისთვის საბოლოო 26-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელმაც გულშემატკივრებისთვის კითხვის ნიშნები დატოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ სანიოლმა სხვა ნაკრებების მწვრთნელებისგან განსხვავებით გაფართოებული სია არ შემოგვთავაზა და ყველაფერი ასე ახსნა:

„მე თვითონ ვყოფილვარ სიტუაციაში, როცა ევროპის ჩემპიონატისთვის 28-30 ფეხბურთელი გამოიძახეს და შემდეგ მწვრთნელს რამდენიმე მოთამაშისთვის იმის ახსნა დასჭირდა, თუ რატომ არ მიჰყავდა ევროპის ჩემპიონატზე, რადგან სია შესამცირებელი იყო. მე ასე გადავწყვიტე, ნაკრების სია არ გავაფართოვე“.

ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტუალური თემის ჩემეულ ხედვას/ახსნას.

არაბიძე და ოქრიაშვილი

ყველასათვის ცნობილი თემაა, რომ სანიოლმა არაბიძეს ინტენსივობა დაუწუნა. ანუ უბურთოდ მოძრაობა, რაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებში შეიმჩნევა კიდეც, თუმცა არაბიძეს შემტევ არსენალში საკმაოდ ბევრი იარაღი აქვს, რომელიც ნაკრებს შესაძლოა გამოსდგომოდა.

გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. შედეგზეც ის აგებს პასუხს. გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ - ეს ფეხბურთში არსებული ჭეშმარიტებებიდან რამდენიმეა.

სანიოლის 3-5-2 სქემაში არაბიძეს ჩაკვეტაძის ნაცვლად უნდა ეთამაშა. ან თადარიგში ყოფილიყო. როგორც ვიცით, ჩაკვეს ნომერ პირველი შემცვლელი ზურიკო დავითაშვილია. გამოდის, რომ არაბიძე ღრმა თადარიგში უნდა ყოფილიყო და ლოგიკურია, რომ ტაქტიკიდან გამომდინარე ვილიმ მისი წაყვანა არ არჩია.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არაბიძეს შანსი რამდენიმე თვის წინ, მონღოლეთთან, კვიპროსთან და მსგავს ნაკრებებთან შეხვედრებში უნდა მისცემოდა. ახლა ამ ეტაპზე ნაკრებში 5-წლიანი პაუზის მქონე ფეხბურთელის პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე წაყვანა სრული აბსურდია. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, მან ინტერვიუებში თავად აღნიშნა, რომ სანიოლი ფორმის აღდგენის შემთხვევაში ევროზე წაყვანას დაპირდა, თუმცა თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ოქრის ფორმის აღდგენა გაუჭირდებოდა. ეს პრაქტიკულად მიუღწეველი მიზანი იყო.

ოქრიაშვილს თითქმის 2 წელია მაღალ დონეზე არ უთამაშია და თავისი ფორმისთვის არ მიუღწევია. ბუნებრივია ფიზიკურად მსგავსი პროგრესის დასაფიქსირებლად 2 თვე საკმაოდ ცოტა დროა.

ამ რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, სანიოლის გადაწყვეტილება პირადად ჩემთვის ალოგიკური არ არის.

ირაკლი აზაროვის თემა

ბევრი ელოდა, რომ მარტის მატჩების შემდეგ აზაროვი გუნდს დაუბრუნდებოდა. ირაკლი ცოტა ხნის წინ უკრაინის ჩემპიონი გახდა და პლუს თასიც მოიგო. საგოლე პასებიც გააკეთა.

ვილიმ დღეს თავისი არჩევანი ასე ახსნა:

„ლევან შენგელიამ ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ ასევე გვყავს წიტაიშვილი, რომელიც საკმაოდ აგრესიულია. თითოეულ ფეხბურთელს ვაფასებ, მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. გადავწყვიტე სამი მოთამაშე ერთ პოზიციაზე არ გამომეძახა, ეს რთული გადაწყვეტილება იყო. ამიტომ არ მოხვდა აზაროვი სიაში“.

აზაროვს მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად ჰქონდა. „შახტარის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე, უკრაინის პრემიერ ლიგაში და უკრაინიას თასზე ჯამში 32 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქ მნიშვნელოვანი არის ტაქტიკურად ნაკრებში არსებული ვითარება. სანიოლი 3-5-2 სქემაში მარცხენა ვინგბექს უფრო შემტევი სტილით იყენებს, მარჯვენას კი უფრო პრაგმატულად.

მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძე წინ ასვლას და ზონების დატოვებას ნაკლებად რისკავს, რადგან საბა კვერკველიას დაზღვევის გარეშე რაც მოსდის ხოლმე, ეს ბევრჯერ ვიხილეთ. ამიტომ, მარჯვნივ ვინგბექად გოჩოლეიშვილისა და ლობჟანიძის გამოყენება სარისკოა.

მარცხენა ფლანგზე მსგავსი პრობლემა არ არის, რადგან დვალი ზონებს არ ტოვებს, სახიფათო სიტუაციებს მშვიდად უმკლავდება. მის წინ მყოფი ვინგბექი კი შეტევაში მთელს ფლანგს აკონტროლებს, რის შედეგადაც კვარაცხელიას სხვა პოზიციებზე გადასვლის საშუალება ეძლევა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრები „ლევერკუზენის“ მსგავსად თანაბრად აქტიური ვინგბექებით (გრიმალდო და ფრიმპონგი) არ თამაშობს. აქედან გამომდინარე, სანიოლს მარცხნივ უფრო შემტევი და აგრესიული ტიპის მოთამაშეები ურჩევნია. შენგელიაც და წიტაიშვილიც შემტევ ფაზაში აზაროვზე გაცილებით უკეთესები არიან.

ტაბიძე / საზონოვი...

მორიგი საკამათო საკითხი - ბევრმა იკითხა, რატომ ჯიმი ტაბიძე და რატომ არა საბა საზონოვი?

შევეცდები სანიოლის ლოგიკას გავყვე და ავხსნა, თუ რატომ მოიქცა ასე.

ვილიმ აქცენტი ტონუსში მყოფ, სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელებზე გააკეთა. ვინც მეტს თამაშობს, მას მეტი შანსი ეძლევა - სანიოლი საქმეს ამ კუთხით მიუდგა.

მოდი ახლა შევადაროთ ტაბიძისა და საზონოვის პრაქტიკა. 28 წლის ჯიმი ტაბიძე ბერძნულ „პანეტოლიკოსში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა. გუნდში ფეხი მალევე მოიკიდა და ძირითადის მოთამაშედ იქცა. ფორმის აღსადგენად დაახლოებით თვენახევარი დასჭირდა.

28 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, ტაბიძე სასტარტოში თამაშობდა და მატჩების 90%-ზე მეტში მოედანზე 90 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ანუ ბოლო 3 თვეში „პანეტოლიკოსმა“ 10 მატჩი ჩაატარა, ტაბიძემ მხოლოდ 2 გამოტოვა, 7-ში ძირითადში იყო და ბოლო ტურში წითელი ბარათი მიიღო, რისთვისაც 11 მაისს ჩემპიონატის დასკვნითი ტური (მე-10 მატჩი) გამოტოვა.

ბერძნული პრესა მას გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენის ერთ-ერთ შემოქმედს უწოდებს, რადგან მისი ტრანსფერის შემდეგ, უკანა ხაზის თამაში დალაგდა.

ახლა გადავიდეთ საბა საზონოვზე. „ტორინოში“ მას ბოლო თვეებში აღარ სწყალობენ. ივან იურიჩი საბაზე მხოლოდ კარგს ამბობს, შემდეგ კი მოედანზე შანსს არ აძლევს. არ აკრიტიკებს, აქებს, მაგრამ არ ათამაშებს, რაც უცნაურია.

ავიღოთ საზონოვის ბოლო 3 თვე. საბამ მხოლოდ 104 წუთი ითამაშა. ბოლო 8 მატჩში, ანუ ბოლო 2 თვეზე მეტია მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა. უფრო ზუსტად კი 16 მარტის შემდეგ აღარ უთამაშია.

ამ გადმოსახედიდან სანიოლის ლოგიკა გასაგებია. თუმცა, შესაძლოა რიგ ფეხბურთელებთან მიმართებით ამ მიდგომამ არ იმუშაოს. ეს ყველაფერი მოლოდინები და ვარაუდებია, ყველაფერს უშუალოდ მოედანზე ვნახავთ.

ფრანგი სპეციალისტის გეგმამ იმუშავა და გუნდმა შედეგს მიაღწია. ამჯერადაც გადაწყვეტილებას ის იღებს და პასუხსაც შემდეგ ის გასცემს.

როგორი იქნება ნაკრების სასტარტო ევროზე?

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ტაქტიკურად სანიოლი რაიმეს შეცვლის. 3-5-2 კვლავ ჩვენი სასტარტო სქემა იქნება.

ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები ასე ითამაშებს.

კითხვის ნიშანი მხოლოდ 2 პოზიციაზე და ორ მოთამაშეზე გვაქვს, განსხვავებული მიზეზებით: შენგელია ტრავმის შემდეგ, ფორმას იღდგენს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა შესაძლოა წიტაიშვილი უკეთეს სათამაშო კონდიციებში იყოს და სასტარტოდან მან დაიწყოს ხოლმე. ამაზე პასუხს მალე მივიღებთ.

და მეორე - მიქაუტაძე, თუ ზივზივაძე? ორივე კარიერის საუკეთესო ფორმაშია, რაც გვაბედნიერებს, მაგრამ სანიოლს დამატებით თავსატეხს უჩენს.

არჩევანი მეტოქეებიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს. ზოგიერთი ნაკრების დაცვის წინააღმდეგ მიქაუტაძე იქნება უფრო ეფექტური, ზოგთან კი ზივზივაძე. ეს უკვე სამწვრთნელო შტაბმა უნდა გადაწყვიტოს და სწორი არჩევანი გააკეთოს.

რას ფიქრობთ თქვენ? ზემოხსენებულ საკითხებზე. დაგვიწერეთ კომენტარები, დასვით კითხვები და დაელოდეთ პასუხებს...

P.S. თუ, გაინტერესებთ შოთა არველაძის აზრი ეროვნულ ნაკრებზე, ქართულ ფეხბურთზე და ჩვენს ლეგიონერებზე, გადადი ბმულზე და უყურე ვიდეოს.

გაზიარება: