კარაგერის პროგნოზი ევრო 2024-ზე | საქართველო ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს
ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, თავისი პროგნოზი შემოგვთავაზა. კარაგერმა თითოეულ ჯგუფზე მოკლედ ისაუბრა და დაასახელა ნაკრებები, რომლებიც მისი აზრით, პლეიოფის საგზურს მოიპოვებენ.
„წითლების“ ლეგენდა დარწმუნებულია, რომ ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელით დაკომპლექტებული პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია. „სელესაო“ ძალიან ძლიერი გუნდია და კარაგერის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპს თურქეთიც შთამბეჭდავად ჩაატარებს, საქართველო და ჩეხეთი კი პლეიოფში ვერ გავლენ. კარაგერის აზრით, „ჯვაროსნები“ ბოლო ადგილს დაიკავებენ, ჩეხები - მესამეს.
46 წლის ინგლისელი აცხადებს, რომ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის შვეიცარია, ავსტრია, უკრაინა და სერბეთი მოხვდებიან. ტურნირის გამარჯვებულს რაც შეეხება, კარაგერის თქმით, ნახევარფინალში გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი და ინგლისი გავლენ და მოგების შანსები პრაქტიკულად თანაბარია.
Ready for EURO 2024! ????#EURO2024 pic.twitter.com/Fb7WEdgJff
— UEFA EURO 2024 (@EURO2024) March 26, 2024
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის საგზურს პირველ და მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები ინაღდებენ, მათ კი 6 ჯგუფის 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. „ჯვაროსნები" ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას თურქეთთან გამართავენ.