უმედლო დღე - ჯაბნიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 დღე ქართული დელეგაციისთვის უიღბლო გამოდგა.
ტატამიზე დღეს -90 კგ. წონით კატეგორიაში მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა, გიორგი ჯაბნიაშვილმა იასპარეზა, თუმცა, სამწუხაროდ პირველივე შეხვედრაში არგენტინელ მარიანო კოტო ბერსიერთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი ბერსიერი გამოდგა. არგენტინელმა ჯაბნიაშვილს ვაზარი აუღო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ამ დროისთვის, ჩვენი გუნდის ანგარიშზე სამი მედალია - 2 ოქრო, 1 ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ (-81 კგ.), ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა მარგველაშვილის (-66 კგ.) ანგარიშზეა.
ხვალ, ინდივიდუალური ჩათვლის დასკვნით დღეს ტატამიზე ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვა. +100 კგ. წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი დაიცავენ.