„საერთოდ სხვა დონეზეა“ | დემეტრიუს ჯონსონმა დვალიშვილზე ისაუბრა
დემეტრიუს ჯონსონი UFC-ის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. „მაითი მაუსი“ უმსუბუქესი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს 2142 დღის განმავლობაში ფლობდა და MMA-ის ქომაგები უდიდეს პატივს სცემენ.
ჯონსონს Youtube-ის საკუთარი არხი აქვს და მისი ბოლო სტუმარი UFC-ის დიდების დარბაზის წევრი მებრძოლი, ურაია ფეიბერი იყო. „მაითი მაუსმა“ ფეიბერთან მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა და გაიხსენა პერიოდი, როცა ჰენრი სეხუდოს ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლისთვის მომზადებაში ეხმარებოდა.
„როცა ჰენრის ალჯოსთან ჩხუბისთვის ვამზადებდი, ვუთხარი, მერაბი ბევრად რთული მეტოქეა, ვიდრე სტერლინგი-მეთქი. მკითხა, რატომო და ჩემი პასუხი ასეთი იყო: „იმიტომ, რომ ეს ბიჭი უბრალოდ არ ჩერდება! მთელი ბრძოლის განმავლობაში წინ მიდის, მეტოქე წნეხის ქვეშ ჰყავს და ჭიდაობასა და სტრაიკინგს კარგად იყენებს.
როცა დვალიშვილისა და სეხუდოს ჩხუბი ჩაინიშნა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჰენრის თეიქდაუნს შეუსრულებდა და პარტერში გადაიყვანდა. სეხუდო ოლიმპიადის ოქროსმედალოსანია და მის წინააღმდეგ თეიქდაუნის გაკეთება შეუძლებლად მიმაჩნდა. გავოცდი, როცა დვალიშვილმა ჰენრი პარტერში გადაიყვანა. მერაბი ჩხუბის სტილისა და წნეხის გამო, რომელსაც მეტოქეზე ახორციელებს, საერთოდ სხვა დონეზე იმყოფება“.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 14 სექტემბერს, UFC 306-ზე უნდა გაიმართოს, თუმცა UFC-ს ამ თემაზე ჯერ კონკრეტული არაფერი უთქვამს.