მე-100 მატჩი ვალენსიას რიგებში | მამარდაშვილის პრიორიტეტი ნიუკასლი არაა?
გიორგი მამარდაშვილი ისტორიულ ნიშნულთან ძალიან ახლოსაა. ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში, მისი „ვალენსია“ „სელტას“ ხვდება და თუ რუბენ ბარახამ ქართველ მეკარეს სათამაშო დრო მისცა, „მამარდა“ „ღამურების“ ცენტურიონი გახდება და მათი მაისურით, მე-100 ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.
მამარდაშვილმა ლა ლიგის ეგიდით, 96 შეხვედრაში ითამაშა, კოპა დელ რეიზე კი 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ესპანური გამოცემა, AS-ი აღნიშნავს, რომ „სელტასთან“ დაპირისპირებას სიმბოლური დატვირთვა ექნება და 100-მატჩიანი ნიშნულის გარდა, შესაძლოა, ეს „ვალენსიას“ მაისურით „მამარდას“ ბოლო შეხვედრა იყოს.
როგორც მოგეხსენებათ, გიორგის რამდენიმე მსურველი ჰყავს და ყველაზე აქტიურად „ნიუკასლზე“ იწერება. რამდენიმე საათის წინ, Marca-ს ჟურნალისტმა, ხავი ლასარომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ მამარდაშვილი „ნიუკასლზე“ წინ „ატლეტიკოს“ ვარიანტს აყენებს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მის გადასაბირებლად „როხიბლანკოს“ იან ობლაკის გაყიდვა მოუწევს, რაც რთული ოპერაცია იქნება.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი Transfermarkt-ზე ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი ფასი 35 მილიონი ევრო გახლავთ. ესპანური გამოცემები წერენ, რომ „ვალენსია“ გიორგის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს მოითხოვს.