წლები დაკარგა - გაგნიძეს რუსეთში არ ენდობიან და რეგრესირებს
მოსკოვის „დინამოს’’ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა გაგნიძემ რუსულ გამოცემა Metaratings-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობს, სურს ამ მომენტით სიამოვნება მიიღოს, მოსკოვის „დინამო’’ რუსეთის ჩემპიონობასთან ახლოსაა.
„დავრჩები თუ არა „დინამოში’’? ახლა ამაზე არ ვფიქრობ, მსურს ამ მომენტით სიამოვნება მივიღო’’ - აღნიშნა გაგნიძემ, რომელიც რუსულ კლუბში 18 წლის ასაკში გადავიდა და კარიერის მნიშვნელოვან წლებში ის პროგრესი არ ჰქონია, რა მოლოდინიც იყო. თუ გასულ სეზონში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა, ამ სეზონში დიდ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს, 29-დან მხოლოდ ერთ ტურში მოხვდა სასტარტოში, საერთო ჯამში მოედანზე 194 წუთი გაატარა, რაც ერთ სეზონში ძალიან მცირე დროა. 29-დან 3 მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვა, თუმცა 26-დან რომ მხოლოდ ერთ მატჩში დაიწყებ სასტარტოდან, უნდობლობაზე მიუთითებს.
ის ფაქტი, რომ ლუკა ვერ პროგრესირებდა, ეროვნულ ნაკრებშიც კარგად გამოჩნდა, ვილი სანიოლს გასული წლის სექტემბრის შემდეგ ნაკრებში არ მიუწვევია, ბოლოს ესპანეთთან ათამაშა (1:7). ვიმედოვნოთ, გაგნიძე ზაფხულში რუსულ კლუბს დატოვებს, კარიერას ევროპაში გააგრძელებს, პროგრესის გზაზე დაბრუნდება და ქართველ ფეხბურთელებს შორის უკანასკნელი იქნება, რომელმაც განვითარებისთვის ყველაზე უარესი ვარიანტი შეარჩია, მით უმეტეს ამ რეალობაში, როცა რუსული ფეხბურთი საკლუბო და სანაკრებო ტურნირებიდან მოკვეთილია, სრულ იზოლაციაშია.
ლუკას ასაკიდან გამომდინარე ევროპაში დამკვიდრების შანსი კვლავ აქვს, თუმცა ფაქტია რუსეთში წლები დაკარგა.
ლუკა გაგნიძე: „გუნდის წარმატების მთავარი მიზეზი ერთიანობაა. „დინამო’’ დიდი ოჯახია, შეგვიძლია ჩემპიონები გავხდეთ.
არ შემიძლია ვთქვა რომ სათამაშო დროით კმაყოფილი ვარ. ყველა ფეხბურთელს, ასაკის მიუხედავად, თამაში სურს. მთავარ მწვრთნელ მარცელ ლიჩკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს - არავითარი პრობლემა.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს და ვინ არა''.
2021 წლის ზაფხულში გაგნიძე თბილისის „დინამოდან'' მოსკოვის „დინამოში'' გადავიდა, 2021-22 წლების სეზონი იჯარით „ურალში'' გაატარა (11 მატჩი ჩემპიონატში), 2022 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია დაიწყო, იჯარით პოლონურ „რაკუვს'' შეუერთდა, თუმცა ექსტრაკლასაში მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა, 10 წუთით.
2022-23 წლების სეზონში მოსკოვის „დინამოში'' რუსეთის ჩემპიონატის 20 მატჩში 3 საგოლე პასი შეასრულა, მიმდინარე სეზონი კატასტროფულია, რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა და საერთო ჯამში 194 წუთი ითამაშა (მსაჯის მიერ დამატებული დრო არ იგულისხმება).