მენი პაკიაო, ანტონიო მარგარიტო
Aa Aa

„პარკინსონზე ამან დაგცინა?“ | მენი პაკიაოს ბრუტალური შურისძიება

პარკინსონი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და ძირითადად მოძრაობითი დარღვევებით ვლინდება. მის წინაშე მედიცინა უძლურია და დროთა განმავლობაში პარკინსონის დაავადების სიმპტომები უარესდება. პარკინსონს კიდურების ტრემორი, მოძრაობის შენელება, კუნთების გაშეშება, წონასწორობისა და პოზის შენარჩუნების გაძნელება, ავტომატური მოძრაობების უნარის დაკარგვა, მეტყველების ცვლილება და წერის ცვლილება ახასიათებს. 1984 წელს, ყველა დროის საუკეთესო მოკრივეს, მუჰამედ ალის სწორედ პარკინსონის დაავადება დაუდგინეს და ალბათ, კარგად გახსოვთ, ასაკის მატებასთან ერთად დიადი ლეგენდა როგორ შეიცვალა.

პარკინსონის დაავადება ცხოვრებას ძალიან ართულებს და ხშირ შემთხვევაში ძლიერ დეპრესიასაც იწვევს. მედიცინა ყველაფერს აკეთებს, რათა ავადმყოფებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს და პარკინსონის მქონე ადამიანების ურთულესი ბრძოლების მიუხედავად, მაინც არიან ისეთები, ვინც მათ დასცინიან. ერთ-ერთი მაგალითი ანტონიო მარგარიტოა - მექსიკელ-ამერიკელი მოკრივე, ვის მიმართაც სიმპათიები კრივის არც ერთ ნამდვილ გულშემატკივარს აქვს. მარგარიტო ის მოკრივეა, მიგელ კოტოსთან პირველი ჩხუბის შემდეგ, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია რომ მისცეს, ხელის შესახვევში ჩადებული აკრძალული ნივთიერების გამო (ბათქაში), რის წყალობითაც მისი დარტყმა ბევრად მტკივნეული გახდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მისმა მწვრთნელმა, ხავიერ კაპეტილიომ აიღო და მარგარიტომ განაცხადა, რომ წესების დარღვევის შესახებ არაფერი იცოდა, რისიც ბევრს არ სჯერა. მოკლედ, ამ თემაზე ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ მინდოდა, გცოდნოდათ მარგარიტო როგორი პიროვნებაა.

მარგარიტო კოტოს 2008 წელს ეჩხუბა და WBA-ის საჩემპიონო ქამარი მოიგო, 2010 წელს კი მენი პაკიაოსთან ბრძოლა ჩაუნიშნეს. „პაკმენისა“ და მარგარიტოს დაპირისპირებას ტექსასში მდებარე „კოვბოის სთედიუმმა“ უმასპინძლა და მოკრივეებმა WBC-ის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს. როცა შენი მეტოქე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა, გონივრული იქნება, ეცადო, რომ მას დამატებითი მოტივაცია არ მისცე და გამარჯვების წყურვილი არ გაუორმაგო. მარგარიტოს ამაზე ალბათ არც უფიქრია და ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე სერიოზული შეცდომა დაუშვა.

მენი პაკიაოს წარმატების მიღწევასა და გზის გაკვლევაში ფრედი როუჩი ეხმარებოდა - ლეგენდარული მწვრთნელი, რომელიც „პაკმენისთვის“ ოჯახის წევრივითაა. როუჩი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პარკინსონის დაავადებას ებრძვიან, მარგარიტო კი ერთ-ერთია იმათ შორის, რომლებიც ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დასცინიან. ჩხუბამდე, ინტერნეტ სივრცეში მარგარიტოსა და მისი გუნდის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის და ბრენდონ რიოსი - მოკრივე, ვისი სახელიც უნდა დაიმახსოვროთ - ფრედი როუჩის სიმპტომებს დასცინიან.

თავდაპირველად, მარგარიტომ საკუთარი თავის გამართლება სცადა და თქვა: „ფრედი როუჩს პატივს ვცემ. თუ ვიდეოს ნახავთ, მიხვდებით, რომ მისთვის არ დამიცინია და უბრალოდ შეშინებული ადამიანი განვასახიერე. როუჩის ან მისი დაავადების დაცინვა არაფერში მჭირდება და იმედი მაქვს, ვითარება გამოსწორდება“.

„მარგარიტო ცდილობს, საკუთარი ქმედებები უკანა პლანზე გადაიტანოს. ვიდეოს ნახვის შემდეგ, ვერ დავიძინე. მინდა, ეს ბიჭები მე ვცემო, მაგრამ ამისთვის ძალიან მოხუცი ვარ. უმდაბლეს დონემდე დაეცნენ და თავიანთი რეალური სახე გვაჩვენეს. ისინი კარგი ადამიანები არ არიან, მაგრამ ამ ამბებით მენის არ შევაწუხებ. პაკიაოს არავინ ეზიზღება და არ მინდა, ჩემ გამო რამე შეიცვალოს. ტრემორებს ისე ვეღარ ვაკონტროლებ, როგორც ადრე და ჩემნაირ ვითარებაში კიდევ უამრავი ადამიანია. არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება გააკეთო“, - ასე გამოეხმაურა როუჩი მარგარიტოსა და რიოსის ვიდეოს და ანტონიოს თავის მართლებას.

მოგვიანებით, მექსიკელმა მოკრივემ ბოდიში მოიხადა და როუჩმა, რომელიც კრივის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ღირსეული ადამიანია, განაცხადა, რომ შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას, თუმცა, ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. ვიდეოს ისტორიამ „პაკმენის“ ყურამდეც მიაღწია და მარგარიტოს საშინელი დღე დაადგა.

„მენი მოვიდა და მითხრა: „ესენი არიან, ვინც დაგცინეს?“ ვუთხარი კი, ესენი არიან-მეთქი, რაზეც მიპასუხა, მხოლოდ ამის ცოდნა მჭირდებოდაო და წასვლამდე დააყოლა, რომ საქმეს მალე მოამთავრებდა“, - იხსენებს როუჩი.

მენი პაკიაოს შურისძიება ბრუტალურზე ბრუტალური იყო და მარგარიტო სავარჯიშო ტომრად აქციეს. „პაკმენმა“ მეტოქეს 474 დარტყმა მიაყენა, რომელთაგან 411 ე.წ Power Punches (ძლიერი დარტყმები) იყო და მენის მეტოქის სახე ჩხუბის შემდეგ ყველაფერს კარგად აღწერს. მარგარიტოს ბრძოლისშემდგომი ინტერვიუც არ ჩამოართვეს და პირდაპირ საავადმყოფოში გაგზავნეს, სადაც მარჯვენა ორბიტალური ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა, რომლის გამოც, კინაღამ მოკრივის ლიცენზია დაკარგა.

შურისძიების სურვილმა პაკიაოს კეთილ ბუნებას მაინც ვერ სძლია და ჩხუბისშემდგომ ინტერვიუში, როცა მენის ჰკითხეს, ბოლო რაუნდში თავი შეიკავა თუ არა, რომ მეტოქისთვის ფატალური ზიანი არ მიეყენებინა, ლეგენდარულმა ფილიპინელმა განაცხადა: „კრივი მკვლელობის ჩასადენი სპორტი არაა. არ მინდოდა, მისთვის სამუდამო ზიანი მიმეყენებინა“.

არ გეგონოთ, რომ პაკიაომ ზემოთ ხსენებული რიოსი უყურადღებოდ დატოვა. 2013 წელს, მასთან ჩხუბი ჩაენიშნა და რიოსის გუნდის წევრები, ბრძოლამდე ფრედი როუჩს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. მენიმ იგივე გააკეთა და მარგარიტოს მსგავსად, იმ ბრძოლაში, რიოსსაც სავარჯიშო ტომრის ფუნქცია ჰქონდა.  

გაზიარება: