„პოტენციალი ფრაგმენტულად გამოავლინა“ - შვეიცარიული გამოცემა სიგუაზე
Basler Zeitung-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის, ოლივერ გუტის აზრით გაბრიელ სიგუამ მისი პოტენციალი ფრაგმენტულად გამოავლინა, რადგან ტრავმები აწუხებდა.
ნაწყვეტი Baseljetzt-ის სტატიიდან, რომელიც სიგუას ეხება:
„გაბრიელ სიგუას მიანდობთ გამთამაშებლის როლს?’’ - ეს კითხვა ოლივერ გუტმა დასვა. ამ სეზონში ქართველმა პოტენციალი ფრაგმენტულად გამოავლინა. გუტის აზრით პრობლემა ტრავმებია: „მან ამ სეზონში ტრავმა რამდენჯერმე მიიღო’’. სავსებით შესაძლებელია ამ პოზიციაზე „ბაზელმა’’ სხვა ფეხბურთელი დაიმატოს’’.
2023 წლის ზაფხულში გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამოდან'' „ბაზელში'' გადავიდა, შვეიცარიულ კლუბში 17 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. გაბრიელმა სამივე გოლი შვეიცარიის ჩემპიონატში შეაგდო, საგოლე პასით თასის შეხვედრაში დაეხმარა გუნდს. სამწუხაროდ, გაბრიელისთვის არასტაბილური სეზონი იყო, ტრავმების გამო შვეიცარიის ჩემპიონატის 10-ზე მეტი შეხვედრა გამოტოვა.
ტრავმები „ბაზელში'' პრობლემაა. აპრილის დასაწყისში „ბაზელის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ სიგუაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მისი ტრავმიანობით გაკვირვებული იყო: „გაბრიელ სიგუა 18 წლისაა და ამ სეზონში მყესი უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ გაიწყვიტა. ჩემი 17-წლიანი კარიერის განმავლობაში ასეთი დაზიანება სულ ერთხელ მქონდა. გვაქვს უამრავი საშუალება იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ ფეხბურთელების დატვირთვები და სწორედ ამიტომ მიჭირს ავხსნა, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხშირად ხდებოდეს’’.