ტატოს ფინალში რუსი ჯუდოკა ელის | გოჩილაიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მე-3 დღეს, -81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი აქვს. ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა და რუსეთის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდება, რომელმაც სამწუხაროდ, ქართული ფინალი წაგვართვა და ნახევარფინალში დიმიტრი გოჩილაიძეს მოუგო.
გრიგალაშვილმა ნახევარფინალში კორეელი ჯუნჰვან ლი ვაზარით დაამარცხა, უფრო ადრე კი ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს, თურქეთის სახელით მოასპარეზე ვანო რევაზიშვილსა და გერმანელ ტიმო კაველიუსს სძლია.
რაც შეეხება გოჩილაიძეს, ახალგაზრდა ძიუდოისტმა, რომელიც სადებიუტო მსოფლიოს ატარებს, პირველ წრეში მოლდოველი მიჰაილ ლატისევი დაამარცხა, შემდეგ რუმინელ ადრიან სულჩას მოუგო, 1/8 ფინალში ანტონიო ესპოსიტოს აჯობა, მეოთხედფინალში ავსტრიელ ბერნდ ფასხინგს ვაზარით მოუგო ნახევარფინალში კი რუს მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე სომონ მახმადბეკოვი გახლავთ.
ცნობისთვის, ფინალური ბლოკი თბილისის და ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება.