ვალენსიამ დიმიტრიევსკი გაიფორმა | ნიუკასლის შეთავაზება მამარდას ტრანსფერზე
„ვალენსიამ“ მეკარის პოზიცია გააძლიერა და დაიმატა ფეხბურთელი, რომელსაც „ღამურებს“ დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Relevo-ს ინფორმაციით, „მესტალიას“ ბინადრებმა სტოლე დიმიტრიევსკისთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.
დიმიტრიევსკი „ჩეს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მან „ვალენსიასთან“ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და მომდევნო გათამაშებაში „ღამურების“ ღირსებას დაიცავს, რაც გიორგი მამარდაშვილის წასვლის შანსებს ზრდის.
#NoticiaRelevo ????️ El Valencia ficha a Dimitrievski.
— Relevo (@relevo) May 21, 2024
El portero ya ha firmado su contrato, independientemente de lo que pase con Mamardashvili.
✍️ @sanchis14 https://t.co/aEkuInYnYn
Relevo-ს ცნობით, „მამარდას“ გადაბირებაზე „ნიუკასლი“ აქტიურად მუშაობს და ესპანურ კლუბს წინადადებაც გაუკეთა. „კაჭკაჭები“ 25 მილიონ ევროს ჩამოვიდნენ, ხოლო ბონუსებით სატრანსფერო თანხა 30 მილიონს გადააჭარბებს. „ჩეს“ ხელმძღვანელებს ეს თანხა ეცოტავებათ და მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღება სურთ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. თუმცა, ესპანური გამოცემები აცხადებენ, რომ „ღამურები“ მას 35-40 მილიონ ევროდ გაუშვებენ.