ლიგა 1-ის ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელები | მიქაუტაძე საუკეთესოთა შორის
ფრანგულმა სააგენტომ, PopFoot-მა ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონს პოსტი მიუძღვნა და ჩემპიონატის ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელები დაასახელა. PopFoot-მა გოლს+ასისტების სტატისტიკით იხელმძღვანელა და ტოპ 10 შემოგვთავაზა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძესაც ვხედავთ.
მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 17 გოლს+ასისტია (13 გოლი, 4 საგოლე გადაცემა). ამ სტატისტიკით, გიორგი მხოლოდ კილიან მბაპეს (34, 27 გოლი, 7 ასისტი), პიერ-ემერიკ ობამეიანგს (23, 17 გოლი, 6 ასისტი), ჯონათან დავიდს (22, 19 გოლი, 3 ასისტი), ალექსანდრ ლაკაზეტს (21, 19 გოლი, 2 ასისტი) და ვისამ ბენ იედერს (19, 16 გოლი, 3 ასისტი) ჩამორჩება.
საინტერესოა, რომ მიქაუტაძე საშუალოდ მატჩში 0.85 გოლს+ასისტს აკეთებდა და იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც მინიმუმ 20 მატჩში მიიღეს მონაწილეობა, მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს. „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი შეხვედრაში საშუალოდ 1.17 გოლს+ასისტს იფორმებდა.
ცნობისთვის, მიქაუტაძის „მეცმა“ ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეიაუტში იბრძოლებს. მისი სავარაუდო მეტოქეები „სენტ-ეტიენი“, „როდეზი“ და „პარიზი“ არიან.